2019 წლის 26 ოქტომბერს 18:00 საათზე, კლუბში „რესპუბლიკა“ ათასწლეულის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადებისა და STEM მენტორთა კლუბის დაარსების ღონისძიებას გამართავს. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის (STEM) და ინოვაციების მიმართ. კონკურსში გამარჯვებული, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წელს გაემგზავრება NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში. ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კონკურსში დღეისთვის 1500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდება STEM მენტორების კლუბის დაარსება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ახალგაზრდა გამომგონებლების მოზიდვას და მათი პროექტების, იდეების განხორციელებას.
ღონისძიებაზე სტუმრებს მიესალმებიან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის და საქართველოს მთავრობების, საქართველოს განათლების სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანანმანათლებლო და დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოეწყობა წინა წლების კონკურსების ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენა.