გორის რაიონში გამრიცხველიანება გრძელდება

გორის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე 10 სოფელში ინდივიდუალური მრიცხველები უკვე 2500-მდე აბონენტს დაუმონტაჟდა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. მათი განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად ეს პროცესი 17 სოფელში მიმდინარეობს.

"საერთო ჯამში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები დაუმონტაჟდება 3500 აბონენტს. პროექტის განხორციელებაში სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განახორციელებს 875 000 ლარის ინვესტიციას. ამ ეტაპზე ინდივიდუალური გამრიცხველიანება ერთდროულად მიმდინარეობს სოფელ ერგნეთსა და კირბალში, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება. მომდევნო კვირიდან სამუშაოები დაიწყება 5 სოფელში - ციცაგიანთკარში, ქვემო არცევში, ჯარიაშენსა და ზემო და ქვემო სობისში, რომელთა დასრულება სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი", - აცხადებენ კომპანიაში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.