„ანაკლის კონსორციუმის“ განცხადება, რომ ჩვენ კონსორციუმის წევრებად ვრჩებოდით, დაბნეულობით იყო გამოწვეული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“. Conti International-ის წარმომადგენელმა კოლინ ვიბლმა განუცხადა. მისი თქმით, პრესრელიზი, რომელიც დღეს „კონტი ჯგუფმა“ გაავრცელა, „ამ დაბნეულობის განმარტებისკენ იყო მიმართული“.
„ჩვენი პოზიცია ყოველთვის რჩებოდა იგივე, ჩვენი განზრახვა ამჟამად არის და ყოველთვის იყო კონსორციუმის დატოვება. განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს გავაკეთეთ სინამდვილეა, გვსურს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა და კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ვიბლმა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც Conti International -ი კონსორციუმს ტოვებს, ვიბლმა განაცხადა, რომ „ამაზე ამჟამად კომენტარი არ აქვს“.
„შემიძლია დავადასტურო, რომ გვქონდა კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და ასევე მივაწოდეთ მათ ჩვენი განცხადების ასლი, მათ იცოდნენ ჩვენი პოზიცია. კონტაქტი გვქონდა დავით ჯავახაძესთან (ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი), რომელსაც გავუგზავნეთ პრესრელიზის ასლი და ზოგიერთი სხვა წერილი, რომ ნათლად სცოდნოდათ ჩვენი პოზიცია კონსორციუმის დატოვების შესახებ. კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მივიღეთ და კონსორციუმსაც ვაცნობეთ ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე თვის წინ კი ეს გამოცხადდა და ცნობილი გახდა, მას შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება არ შეცვლილა“, - განაცხადა ვიბლმა.