„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენდირექტორი - არ ვთვლი, რომ ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადება გაკეთდა - ჩვენ ვთქვით, რომ დაგეგმილი ტრანზაქცია არ შედგა და შესაბამისად, „კონტი“ რჩება აქციონერად

ჩვენ „კონტის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა, თუმცა ფაქტია, რომ დაგეგმილი ტრანზაქცია არ შედგა და „კონტი" რჩება აქციონერად, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ტრანზაქცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო, ვერ მოესწრო, შესაბამისად, „კონტი ჯგუფის" აქციები არ გასხვისებულა.

„მე არ ვთვლი, რომ ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადება გაკეთდა. ჩვენ ვთქვით, რომ დაგეგმილი ტრანზაქცია არ შედგა და შესაბამისად, „კონტი“ რჩება აქციონერად. ეს არის ფაქტი. მათ დააფიქსირეს თავისი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით. ეს სამწუხაროა. ჩვენ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა, მაგრამ ფაქტები არის იგივე: ტრანზაქცია, რომელიც შეთანხმდა ზაფხულში, დაგეგმილი იყო, რომ ოქტომბრის ბოლომდე ყველა ფორმალობა დასრულდებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ტრანზაქცია არ შედგა, „კონტის“ აქციების გასხვისება არ მოხდა და ისინი აქციონერებად რჩებიან. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით არც საუბრები არ არის. მათი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით რჩება,"- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, კონსორციუმი აგრძელებს სხვა ინვესტორებთან, მათ შორის ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან მოლაპარაკებას, რომლის ვინაობის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ინვესტორებთან მუშაობას. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან. მის ვინაობას დღეს ვერ დავასახელებთ. უახლოეს მომავალში დამატებითი ინფორმაცია გვექნება ამ მოლაპარაკებების წინსვლასთან დაკავშირებით," - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონორციუმმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“, რომელიც კონსორციუმის აქციების 42 %-ს ფლობს, კონსორციუმს აღარ ტოვებდა.

თავის მხრივ, Conti International-მა იმავე დღეს ოფიციალური რელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც Conti International-ი ადასტურებს საკუთარ განზრახვას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების სურვილის შესახებ. „კონტი“ გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვას და დატოვებს კონსორციუმს პროექტის კონსტრუქციული მხარდაჭერით. „კონტის“ ყოველთვის სჯეროდა და სამომავლოდაც მხარს დაუჭერს ანაკლიის პორტის პროექტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, "ინტერპრესნიუსი" Conti International-ს დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა კოლინ ვიბლმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის " განცხადება, რომ "კონტიმ" კონსორციუმის დატოვება გადაიფიქრა, „დაბნეულობით იყო გამოწვეული". „გვსურს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა და კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ვიბლმა.