საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) 10 წლის გახდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაგეგემილია ღონისძიებების ციკლი, რომელთა ფარგლებშიც BAG-ი 10 წლის საქმიანობის ანგარიშს ასოციაციის წევრებს, სამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს წარუდგენს.
ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ეს არის ღირსშესანიშნავი თარიღი, რადგანაც საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილ ბიზნესგაერთიანებაზე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ამ წლების განმავლობაში მრავალ გამოწვევას გაუძლო და ჩამოყალიბდა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს არხად. BAG-ის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და ჩვენი წევრი კომპანიების ობიექტური და სამართლიანი ბიზნეს ინტერესების ადვოკატირება. ჩვენ ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ასოციაციის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის ოქტომბერში 9 კომპანიის მიერ დაფუძნდა. დღეს კი ასოციაციაში 75 უმსხვილესი კომპანია და ბიზნეს ჯგუფია გაწევრიანებული, ხოლო ასოციაციის წევრ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი სხვადასხვა კომპანიების გათვალისწინებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 300-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, წევრ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 200,000-ს აჭარბებს და ასოციაციის წევრი კომპანიები ჯამურად საქართველოს ერთიანი შიდა პროდუქტის 70%-ს ქმნიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში BAG-ის რიგებს კიდევ 5 ახალი წევრი შემოუერთდა: „ანაგი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „პოლიტიკის მართვისა და კონსალტინგ ჯგუფი“ (PMCG), „სინერჯი კაპიტალი“, „ევარდ ჰოლდინგი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.