ნორვეგიის სიმდიდრის ფონდი 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა

მსოფლიოში უდიდესი ფონდის, ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ჯამურმა მოცულობამ 10 ტრილიონ ნორვეგიულ კრონს მიაღწია, რაც დაახლოებით 1.09 ტრილიონ ამერიკულ დოლარს უდრის. რეკორდულ მაჩვენებლამდე ზრდა, დიდწილად გლობალური სააქციო ბაზრის ზრდამ და დოლარის და ევროს სიმყარემ განაპირობა.

ფონდმა რეკორდულ ზღვარს მას შემდეგ მიაღწიეს, რაც სხვადასხვა გლობალურ რისკებთან დაკავშირებით, სამოქმედო სტრატეგია შეცვალეს. რისკებს შორის, კლიმატური ცვლილებები და ინვესტიციების დიდი მოცულობის შეერთებულ შტატებში გადანაცვლება განიხილებოდა.

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდი 1996 წელს შეიქმნა და მისი მიზანი, ნავთობის შემოსავლების მომავალი თაობებისთვის შენახვა და გაზრდა იყო. მისი მოცულობა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე სამჯერ სწრაფად იზრდებოდა, რაც საწყის მიზნებთან შედარებით, ზრდის გაცილებით მაღალი ტემპია.

„როცა ფონდი ჩამოყალიბდა, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მისი მოცულობა 10 000 მილიარდ კრონს გადააჭარბებდა. ჩვენ გაგვიმართლა, როცა ნავთობი აღმოვაჩინეთ“, - ამბობს ფონდის მთავარი აღმასრულებელი ინგვე სლინგსტადი და დასძენს, რომ გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული მოგება იმდენად მაღალია, რომ ის ნავთობის ხელახლა აღმოჩენის ტოლფასია.

ფონდის ვებგვერდზე წერია, რომ ამ მომენტისთვის, ფონდის (რომელიც ასევე ნავთობის ფონდის სახელითაც არის ცნობილი) ხელთ არსებული თანხის ქვეყნის მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში, ყოველ მოსახლეს 200 ათასი დოლარი ერგება.

ნორვეგიის სიმდიდრის ფონდს, ქვეყნის ცენტრალური ბანკის სპეციალური შტო მართავს, რომელიც ფულადი სახსრების 70 პროცენტს გლობალურ სააქციო ბაზრებზე აბანდებს, 28 პროცენტს კი - ფიქსირებული შემოსავლების აქტივებში. დარჩენილი უძრავ ქონებაზე ნაწილდება.