"შეცდომები რომ იყო დაშვებული, ამაზე შედეგიც მეტყველებს და ცხადია, ისიც, რომ ეს პრობლემები ეკონომიკური პოლიტიკის არასათანადო გათვლამ გამოიწვია"
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აქამდე უარყოფდა ინფლაციაზე ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის გავლენას. თუმცა გაზრდილი ინფლაციის რისკების საპასუხოდ ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ სამჯერ გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის ამგვარი გამკაცრება მთავრობის წევრებმა მხოლოდ მესამე ჯერზე გააკრიტიკეს - უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და ეკონომიკის ზრდას შეაფერხებსო. ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ მთავრობას თავისი წვლილი მიუძღვის ინფლაციის ზრდაში და მიაჩნიათ, აქამდე მდგომარეობა იმიტომ მივიდა, რომ ეროვნული ბანკი ბოლო დრომდე არასწორ პოლიტიკას ატარებდაო.
რა შეიძლება მოჰყვეს ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას და როგორ აისახება ის რიგითი ადამიანების ყოველდღიურობაზე, ამის შესახებ გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
- რას მოასწავებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რა მოჰყვება ამას?
- განაკვეთის ცვლილება ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც სესხი ლარში აქვთ აღებული, სესხი გაუძვირდება.
- და ამის გამო ეკონომიკის ზრდა შეფერხდება?
- ბუნებრივია, როცა სესხი ძვირდება, ადამიანები ფიქრობენ, რომ აღარ ღირს ფულის სესხება. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, აღარ გააკეთებენ რემონტს, აღარ იყიდიან სახლს და ა.შ. შესაბამისად, გაძვირებული საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად ზემოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე.
- რას უქადის ეს ქვეყანას, ვთქვათ, 6 თვეში ან 1 წელიწადში?
- კონკრეტულად თქმა ძნელია. სწორია, როცა პრემიერი მაღალ ეკონომიკურ ზრდას გვპირდება, ჩვენ ეს გვჭირდება, უბრალოდ, ჯერ გეგმა გვინდა. აუცილებელია მეტი კოორდინაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. შეუძლებელია, ერთს ამბობდეს მთავრობა და მეორეს აკეთებდეს სებ-ი, ან პირიქით. თუ არ იქნება შეთანხმებული მოქმედებები, გათვლილი და დათვლილი, შეუძლებელია, მთავრობამ შეძლოს ზრდის მიღწევა სებ-თან კოორდინაციის გარეშე და პირიქით, სებ-მა შეძლოს ინფლაციის მოთოკვა მთავრობასთან კოორდინაციის გარეშე.
- თქვენი აზრით, რატომ მივედით აქამდე? ეროვნული ბანკის არასწორი სტრატეგიის გამო? როცა 3-ჯერ ზედიზედ გჭირდება განაკვეთის გაზრდა, ეს უკვე ხომ არ მიანიშნებს, რომ დააგვიანეს და მართლაც არასწორ პოლიტიკას წარმართავდნენ.
- მგონია, როცა კი პრობლემურია ლარის კურსი ან ინფლაცია, ეს ყოველთვის ნიშნავს, რომ პრევენცია დაგვიანდა. დასაფიქრებელია, სად იყო შეცდომები. დადგა ცუდი შედეგი, რამაც თითოეულ მოქალაქეს გაურთულა ცხოვრება. ჩვენ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ოფიციალური, სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ეროვნული ბანკი, წინასწარ ყველაფერს გათვლის და გააკეთებს, რათა მოქალაქეს ცხოვრება არ გაურთულდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში პრევენცია ვერ მოხერხდა და ცხადია, გვჭირდება ადეკვატური განმარტება - რატომ. მხოლოდ ტურისტების ნაკადის შემცირებას ვერ დავაბრალებთ, უფრო მეტი ფუნდამენტურ არგუმენტზე დაყრდნობილი ანალიზი გვჭირდება. ეს პირველ რიგში ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს და გვითხრას, რატომ მოხდა ყოველივე და თუნდაც გახდეს მერე დისკუსიის საგანი. ვიდავოთ ამაზე, იყოს ფართო ჩართულობა, გავხადოთ ეს თემა სადისკუსიო. აშკარაა კოორდინაციის პრობლემა.
- პრემიერ-მინისტრის სიტყვებს გავიმეორებ" - "მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება მთავრობის პოზიციაა". ასეც უნდა იყოს, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს მხოლოდ პოპულისტური განცხადებაა? ახლა დაინახეს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეაგირება დააგვიანა?
- არ მიმაჩნია პრემიერის სიტყვები პოპულიზმად, სურვილი კარგი და სწორია, მაგრამ რამდენად შესრულდებBა ეს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და მათ შორის, ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოქმედებებზე. ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს განტევების ვაცი, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს ამოცანის შესრულებასა და ვითარების გაკონტროლებას მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელშეწყობის გარეშე.
- გამოდის, შექმნილი სიტუაცია ხანგრძლივი პროცესის (შეცდომების) შედეგია?
- შეცდომები რომ იყო დაშვებული, ამაზე შედეგიც მეტყველებს და ისიც, რომ ეს პრობლემები ეკონომიკური პოლიტიკის არასათანადო გათვლამ გამოიწვია.
- ხომ არ დააყენებს მთავრობა ეროვნული ბანკის მენეჯმენტის იმპიჩმენტის საკითხს? და აქვე გკითხავთ, ხომ არ გგონიათ, რომ მთავრობასაც ეგ უნდა?
- არ ვიცი, ვერ წარმოვიდგენ, რა შეიძლება მთავრობას უნდოდეს. მიუხედავად ნებისმიერი ტიპის შეცდომებისა, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა მთავრობა მის საქმიანობაში, მით უკეთესი. მაგრამ რაც უფრო მეტ გზას გამონახავს მთავრობა, რომ ეროვნულ ბანკთან ჰქონდეს კოორდინაცია - ჩარევა და კოორდინაცია სხვადასხვა საკითხია - უკეთესია. იმპიჩმენტი კი სწორი გზა არა მგონია. სებ-ის დამოუკიდებლობის გარანტირება ყველა დონეზე უნდა იყოს განსაზღვრული. ცხადია, დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ შეცდომებისგან დაზღვეული ვართ.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 28 ოქტომბრის ნომერში