აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია იაპონიის საერთაშორისო ტურსტულ გამოფენაზე Jata Tourism Expo Japan გაუწია.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტიდან იუწყებიან, რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი დეპარტამენტმა გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.
საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქვეყნის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ყოველწლიურად 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასში მონაწილეობას 150-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია, კომპანია ღებულობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იაპონიის ჩათვლით წელს, 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს და უწევს პოპულარიზაციას რეგიონს. რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს პოტენციურ ტურისტებთან უშუალო კომუნიკაციას, მეორე მხრივ კი, საქმიანი ურთიერთობების დამყარებას ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.