ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში

ათ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიას შორის 3 სახელმწიფო კომპანიაა.

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ეს კომპანიებია: შპს „თბილსერვის ჯგუფი“, სს „საქართველოს რკინიგზა“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ კომპანიაში დასაქმებულ პირთა ზუსტი რიცხოვნობის შესახებ, რადგან "საქსტატის" ცნობით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუმცა, კომპანიათა ნაწილს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ აღნიშნული ინფორმაცია მითითებული. კერძოდ, „რკინიგზას“ 12 000-ზე მეტი ადამიანი; „სატრანსპორტო კომპანიას“ კი 6 820-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ამ კომპანიების გარდა, დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობის მიხედვით 2018 წლის ტოპ-10 კომპანიას შორის მოხვდა ასევე : შპს „ჯორჯიან მანგანეზი“; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“; სს „ნიკორა ტრეიდი“; სს „გეფა“ (ჯიპისი, ფარმადეპო); სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“.

რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობას, როგორც კომპანიათა ვებგვერდებზეა აღნიშნული, „ენერგო-პროს“ დასაქმებული ჰყავს 6 000-მდე პროფესიონალი; „ჯივიპის“ - 3000-ზე მეტი თანამშრომელი; „ნიკორა ტრეიდის“ 5 000-ზე მეტი; "ჯორჯიან ემერიქან ელოისს" კი, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზს" მართავს, დასაქმებული ჰყავს 6 ათასამდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მიერ მოწოდებული მონაცემები ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების შესახებ, რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

თაია არდოტელი