„თელიანი ველი“ რეორგანიზაცია/გაყოფას გეგმავს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის 85.08%-იანი წილის მფლობელმა აქციონერმა – სს „საქართველოს კაპიტალმა“ მიიღო.
„თელიანი ველი“ ოპერირებს როგორც ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლის საკუთრებაშია ღვინის ქარხანა, ვენახები და ღვინის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სხვა აქტივები. ამავდროულად, სს „თელიანი ველის“ საკუთრებაშია ინვესტიციები სხვა კომპანიებში, რომლებიც დაკავებული არიან ღვინის ბიზნესთან პირდაპირი კავშირის არმქონე სხვადასხვა საქმიანობით, მათ შორის, ლუდის წარმოებით, სადისტრიბუციო საქმიანობით, ყავის რეალიზაციით და ა. შ., („ჰოლდინგური აქტივები“ ან „საოპერაციო აქტივები“).
ამდენად, სს „თელიანი ველი“, ერთდროულად წარმოადგენს როგორც ღვინის მწარმოებელ, ასევე ჰოლდინგურ კომპანიას სხვა არადაკავშირებული აქტივებისთვის, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას „საზოგადოების“ ეფექტური მართვისთვის, ვინაიდან ღვინის საწარმოო პროცესების წარმართვა და „ჰოლდინგური აქტივების“ მენეჯმენტი მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას, კვალიფიკაციას და რესურსებს.
აქედან გამომდინარე, სს „თელიანი ველის“ ამჟამინდელი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მიზანშეწონილია განხორციელდეს სს „თელიანი ველის“ რესტრუქტურიზაცია, რომელიც მოიცავს „თელიანი ველის“ გაყოფას მისგან ახალი საწარმოს გამოყოფის გზით. რეორგანიზაციის შედეგად გაიმიჯნება სს „თელიანი ველის“ საოპერაციო საქმიანობა (ღვინის წარმოება) და სს „თელიანი ველის“ „ჰოლდინგური აქტივების“ მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა. აღნიშნული განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სს „თელიანი ველის“ რეორგანიზაციით, კერძოდ , სს „თელიანი ველის“ გაყოფით მისგან ახალი საწარმოს („ჰოლდინგური კომპანიის“) გამოყოფის გზით, რომელსაც გადაეცემა სს „თელიანი ველის“ საკუთრებაში არსებული „ჰოლდინგური აქტივები“. გაყოფის შედეგად წარმოიშობა საწარმო – სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“.
რესტრუქტურიზაციის მეორე ეტაპზე, „აქციონერის“ მიერ უზრუნველყოფილი იქნება სს „თელიანი ველის“ (ს/კ: 203855444) აქციების სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგისთვის“ გადაცემა ამგვარი აქციების სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგის“ კაპიტალში შეტანის გზით, იმგვარად, რომ სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ გახდეს სს „თელიანი ველის“ აქციათა 100%-ის მესაკუთრე აქციონერი. თავის მხრივ, სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგის“ აქციები განაწილებული იქნება იმ აქციონერებზე იმ პროცენტული თანაფარდობით, რომელიც ამგვარ აქციონერებს გააჩნდათ სს „თელიანი ველში“ სს „თელიანი ველის“ რეორგანიზაციის დასრულების მომენტისთვის,“-ნათქვამია კომპანიის აქციონერის გადაწყვეტილებაში.