ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტოკიოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე JATA Tourism Expo მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში, ტოკიოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე JATA Tourism Expo მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, ასევე 7 ტურისტული კომპანია და სასტუმრო იყო წარმოდგენილი.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან გაცნობოდნენ ტურისტულ პროდუქტებს.

B2B ფორმატის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ იაპონელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ. გამოფენის ფარგლებში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სტუმრებს საქართველოს სტენდთან ჩურჩხელით გაუმასპინძლდნენ.

JATA Tourism Expo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოფენაა, რომელსაც 150-ზე მეტი ქვეყნის და რეგიონის რამდენიმე ათასი ტურისტული კომპანიის, სასტუმროს და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.

ოთხდღიან გამოფენას იაპონიაში 150 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.