"რეზონანსი" - თბილისში უკვე 507 გაჩერებული სამშენებლო პროექტია

დედაქალაქში გაჩერებული მშენებლობების რიცხვი გაზრდილია. ადვოკატთა ასოციაციის წევრის ინფორმაციით, ასეთი პროექტების რაოდენობა დღეს 507-ს შეადგენს და შესაბამისად, გაზრდილია დაზარალებული მოქალაქეების ოდენობაც. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მიზეზი არა მერიის მხრიდან ცუდი რეგულაციები, არამედ კანონის ზუსტი აღსრულება და ადმინისტრირებაა.

სამშენებლო კომპანიებს პრეტენზიები აქვთ მერიასთან. ისინი ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში განმეორებით ითხოვენ დამატებით დოკუმენტაციას (ნებართვის გაცემის შემდეგ), რაც დროში აჭიანურებს პროექტის დასრულებას.

"ბოლო დროს იმატა იმ დაზარალებული მოქალაქეების მიმართვიანობამ, რომლებსაც დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების გამო, ზიანი მიადგათ. ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაახლოებით 507 გაჩერებული პროექტია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია“, - განუცხადა "კომერსანტს" ადვოკატთა ასოციაციის წევრმა მარიამ საბიაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ხშირად ახალი მერიის შემადგენლობა წინა მერიის მიერ შეთანხმებულ პროექტებს იწუნებს, შეაქვთ კორექტირებები, ხდება განცხადებების დაგვიანებით განხილვა და ა.შ, რაც აგრეთვე პროექტების დროულ დასრულებას ხელს უშლის.

მერიის არქიტექტურის სამსახურში კი ამბობენ, რომ თუკი სამშენებლო კომპანიას შესაბამისი ვადის გასვლამდე შემოაქვს ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა, ამ შემთხვევაში არავითარი გადასახადის გადახდა არ ხდება, ხოლო თუკი ვადის გასვლის შემდეგ შემოაქვს სუბიექტს განცხადება, ეს ნიშნავს, რომ მან ცალკე ნებართვა უნდა აიღოს. რაც შეეხება დაგვიანებებსა და დროში გაჭიანურებებს, მერიის სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა კომპანია პასუხს მყისიერად იღებს დადგენილ ვადაში და მათ მშენებლობის დასრულებაზე პრობლემა არ ექმნებათ.

„თუ დამკვეთი მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლამდე შემოიტანს ვადის გაგრძელების მოთხოვნას, ამ შემთხვევაში არაფერს იხდი, თუკი არ შეიტან და გავა ეს ვადა, მერე ავტომატურად ახალი ნებართვის აღება სჭირდება კომპანიას. მოქმედი კანონმდებლობით ასეა. წინამორბედი მერის დროს შეთანხმებულ პროექტებს, რომლებიც თითქოსდა მერიის ახალმა შემადგენლობამ დაიწუნა, ამაზე მზად ვართ ინდივიდუალურად განვიხილოთ ყველა მსგავსი შემთხვევა.

არქიტექტურის სამსახურში ამოქმედებულია საქმის წარმოების ელექტრონული მოდელი, რომელიც გამორიცხავს განცხადებაზე რეაგირების დაგვიანებას, ვინაიდან განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ავტომატურად ეგზავნება პასუხი. შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი ვადაგადაცილებული პასუხი არ ფიქსირდება ჩვენს სამსახურში“, - აცხადებენ მერიის არქიტექტურის სამსახურში.

არსებული კანონების ცუდი აღსრულება და ცუდი ადმინისტრირება - ეს არის, სამშენებლო სამართლის სპეციალისტის უჩა ზაქაშვილისათვის მთავარი პრობლემა. მისი აზრით, მერია არ იყენებს ყველა ბერკეტს, რაც მის ხელთაა.

,,ძველი და ახალი მმართველობა არ არის აქ მნიშვნელოვანი. დედაქალაქის გენგეგმამ გააუქმა გარკვეული სამშენებლო დოკუმენტაციები, გარკვეული ტერიტორიებისათვის. ლისზე, თბილისის ზღვაზე, გლდანის ტბაზე და სხვა ტერიტორიებზეც. ასე რომ, ამ ტერიტორიებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები გაბათილდა. ეს ცხადია, ართულებს მშენებლობას.

რაც შეეხება მიტოვებულ და დაუსრულებელ მშენებლობებს, რა თქმა უნდა, შეიძლება, იყოს უკეთესი საკანონმდებლო ბაზა, ვიდრე გვაქვს, მაგრამ ახლა რა რეგულაციებიც გვაქვს, იმის გამოყენებასაც არ ახერხებს მერია.

მაგალითად, სანებართვო პირობების მიხედვით თუ მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 1-ელ იანვარს, ეს სამართალდარღვევაა და ამასთან დაკავშირებით უნდა პატრულირებდეს მუნიციპალური ინსპექცია, მათი ვალდებულებაა, ყველა ასეთი, ვადადარღვეული მშენებლობა გამოავლინონ. საჩივრებს კი არ ელოდოს, თავისი ინიციატივით უნდა გამოავლინოს და დააჯარიმოს, რისი პრაქტიკაც არ გვაქვს. გამომდინარე აქედან, რეგულაციების გაზრდა კი არა, არსებულის აღსრულება და ადმინისტრირებაა საჭირო“, - ამბობს ზაქაშვილი.

დედაქალაქის მერის პირადი ინიციატივით 600 კორპუსზე, ჯერ კიდევ 4 თვის წინ უნდა გამოცხადებულიყო ამნისტია, თუმცა კანონი პარლამენტში ,,გაიჭედა”.

სამშენებლო სამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებას ის მომავალ შემოდგომამდე აქვს დაპაუზებული, რათა წინასაარჩევნოდ დამატებითი ხმები მიიღოს.

,,რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ექსპლუატაციაში ამნისტიის წესით ბინები არჩევნებამდე არ შევა და ეს შემდეგ დამატებითი საარჩევო ბენეფიტი იქნება. საუბარი კი რეალურად კანონზეა, რომელიც სრული უპასუხისმგებლობაა. გარდა იმისა, რომ თავად აქტი დარღვევის წამახალისებელია, შინაარსობრივად შეიცავს იმდენად დიდ კორუფციულ რისკებს, რომ ჩათვალეთ, კორუფციულ ყვავილს ვრწყავთ.

საჯარო მოხელეებს ენიჭებათ უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ, ვისზე გავრცელდეს და ვისზე არა კანონი. არ არის კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი და ბევრი შეფასებითი კრიტერიუმია, რომელსაც საჯარო მოხელე წყეტს. ამ კანონპროექტის იდეა, რომ თითქოს ამის შემდეგ აღარ გვექნება ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინები, ესაა სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა. ობიექტები იქნებიან ძველებურად მძიმე მდგომაროებაში. სამწუხაროდ, იქ ისევ აფეთქდება გაზი ან გადმოვარდება სამშენებელო მასალა, რადგან ამნისტია არ შედის სიღრმეებში და არ ითხოვს არსებითი პრობლემების გამოსწორებას”, - ამბობს "რეზონანსთან" უჩა ზაქაშვილი.

მშენებლობების გაჩერების მიზეზად, პროცესში დარღვევებს მიიჩნევს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი. მისი თქმით, საზოგადოებისაგან იყო მოთხოვნა რომ უსაფრთხოება დაცულიყო მშენებლობებზე და ახლა, ამ მიზეზით გაჩერებული მშენებლობის გაპროტესტება ალოგიკურია.

,,სამშენებლო ნებართვების გაცემა რომ გაჭიანურებულია, ამას ვადასტურებ მეც და ამას აქვს თავისი არაერთი მიზეზი. რაც შეეხება მშნებლობის გაჩერებას, სწორედ პროცესში უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, როცა ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას ირჩევდნენ და ახლა, ამის გამო კრიტიკა ,,ჭრელო პეპელას” პოზიციაში დგომას მაგონებს. ზოგადად ის, რომ 507 მშენებლობაა გაჩერებული, არაფერს ნიშნავს. თუ ყველას, რეალური დარღვევა ჰქონდა, უნდა გაჩერდეს კიდეც”, - აღნიშნა როსტომაშვილმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"