„ჩიკორი“ Lidl-ის ქსელში შევიდა

ქართული ჩირი „ჩიკორი“ Lidl-ის ქსელში შევიდა. „ქარელის ხილის“ წარმოებული 5 პროდუქტი ლიეტუვას მასშტაბით უკვე 40-ზე მეტ ჰიპერმარკეტში იყიდება. როგორც „ქარელის ხილის“ დირექტორი ვატო დემურიშვილი აცხადებს, უახლოეს მომავალში პროდუქცია უკრაინაშიც გავა.

„ქარელის ხილის“ მიერ წარმოებული ჩირის 5 სახეობა - ლეღვის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში და შოკოლადის გარეშე, ასევე საზამთროს და ქლიავის ჩირი Lidl-ის 40 სუპერმარკეტის დახლებზე 24 ოქტომბერს გამოჩნდა. ვატო დემურიშვილი აცხადებს, რომ ქსელში ჩაშვების პარალელურად ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით სარეკლამო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

„გარდა Lidl-ისა, მოთხოვნა გვაქვს ლიეტუვას სხვა სუპერმარკეტებიდანაც. ამ დროისთვის აქტიურად განიხილება ასევე პოლონეთის და გერმანიის მიმართულება“, - განაცხადა ვატო დემურიშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში უკვე დარეგისტრირდა „ჩიკორის“ ოფიციალური წარმომადგენლობა და მალე აქტიური გაყიდვები იქაც დაიწყება. დღეის მონაცემებით კი „ჩიკორის“ ჩირი ექსპორტზე ჩეხეთში, ლიეტუვასა და რუსეთში გადის.

„ჩეხეთში „ჩიკორი“ ერთ-ერთ ქართულ მაღაზიაში იყიდება. თითქმის ერთი თვეა მაღაზია გაიხსნა და მოთხოვნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. უკვე ნოემბრიდან კი ჩეხეთში ნიშურ მარკეტებში შევალთ“, - აღნიშნა დემურიშვილმა.

სუპერმარკეტების გერმანული ქსელი LIDL-ი 1930 წელს გერმანიაში დაფუძნდა. ქსელს კომპანია „შვარც გრუპი“ ფლობს. ამ დროისთვის Lidl-ი 10 000-ზე მეტი მოქმედი ობიექტით არის წარმოდგენილი და ძირითადად ევროპის მასშტაბით ოპერირებს. მხოლოდ გერმანიაში Lidl-ის 2 500-მდე ჰიპერმარკეტი აქვს.

„ჩიკორის“ მწარმოებელი კომპანია, ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო „ქარელის ხილი", 2016 წელს გაიხსნა. უკვე 2017 წელს კი წარმოებული პროდუქცია ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა, შემდგომ კი ექსპორტზე გავიდა. ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, 4 სახეობის ჩირი კი შოკოლადში ამოვლებული სახით.

2019 წლიდან „ქარელის ხილი“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანია გახდა და აქტიურად დაიწყო ბაზარზე განვითარება და წარმადობის გაზრდაზე მუშაობა.