CNN- ძლიერი დოლარი მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებას აფერხებს

ძლიერი დოლარი მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. ამის შესახებ სტატიას CNN-ი აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკა გაცილებით უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი, დოლარის სიძლიერე სახელდება.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ეკონომიკის ზრდა შეფერხდა, აშშ-ის ეკონომიკის რიგ დარგებში დაღმასვლა დაფიქსირდა, რის გამოც ინვესტორები ეძებენ ისეთ ახალ სფეროებსა და ქვეყნებს, სადაც ინესტიციების ჩადება მომგებიანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც სამხრეთ კორეა, ბრაზილია და ინდოეთია, ინვესტიციების სწრაფი ზრდა შეინიშნება, რითაც ისინი ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანასაც კი უსწრებენ.

დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ აშშ დოლარის დასუსტების შემთხვევაში განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკის სწრაფად ზრდის მეტი შანსი ექნებოდათ, რაც საერთო ჯამში მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახებოდა.

ბექა ბერიაშვილი