ეკონომიკის სამინისტრო - „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მინისტრის მიერ გამოვლენილი ხარვეზები თებერვლის ბოლომდე უნდა გამოასწოროს

„ტავ ჯორჯიამ" ეკონომიკის მინისტრის მიერ გამოვლენილი დარღვევები თებერვლის ბოლომდე უნდა გამოასწოროს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი გამვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტრომ დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომ მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია და უკმაყოფილო დარჩა აღმოჩენილი ხარვეზებით. იმის გასარკვევად, თუ რა ვადა აქვს „ტავ ჯორჯიას" ხარვეზების აღმოსაფხვრელად, „ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში იმედოვნებენ, რომ „ ტავ ჯორჯია" 2020 წლის თებერვლის ბოლომდე ხარვეზებს აღმოფხვრის.

„თებერვლის ბოლომდე „ტავ ჯორჯიამ“ უნდა გამოასწოროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოსთხოვა.

ვადის შესაბამისად, კომპანიამ პირობა დადო, განაახლოს აეროპორტში არსებული კაფეების, რესტორნებისა და მაღაზიების ინტერიერი, მოაწესრიგოს გაფრენისა და მოფრენის დარბაზები, უზრუნველყოს მგზავრების სათანადო კომფორტი, გამოასწოროს სველი წერტილების მდგომარეობა და გაატაროს სხვა აუცილებელი ღონისძიებები ხარვეზების მთლიანად აღმოსაფხვრელად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მოთხოვნები მიცემულ ვადებში შესრულდება და არ დაგვჭირდება დამატებითი ზომების გამოყენება“, - აცხადებენ უწყებაში.