„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩის 38 ნომრიდან, კომპანიაში სატელეფონო ზარი ბუნებრივი აირის მძაფრ სუნთან დაკავშირებით არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, თუმცა იქვე დასძინეს, რომ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს და შესაძლოა, დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.
„ადგილს იკვლევენ ჩვენი ექსპერტები, სწრაფი რეაგირების ჯგუფი ახლაც ადგილზეა და აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს“,- აცხადებენ კომპანიაში.
„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, თავად კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა თუ ჩაატარეს აღნიშნულ კორპუსში მონიტორინგი და გადამოწმებულია თუ არა კორპუსში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე ტექნიკა. „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ „ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ და არკვევენ“.
შეგახსენებთ, თევდორე მღვდლის ქუჩის 38 ნომერში მდებარე კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავებულია ერთი ადამიანი.