თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 1531 ადამიანია აღრიცხული

თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 1531 ადამიანია აღრიცხული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 2017-2019 წლებში ჯამში მერიას უსახლკაროს სტატუსის მისანიჭებლად 6467-მა პირმა მიმართა, მათგან 4588 ბენეფიციარს კი სხვადასხვა მიზეზის გამო სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით, დედაქალაქში ფუნქციონირებს ერთი თავშესაფარი 240 ადგილით, სადაც 110 ბენეფიციარი იმყოფება და 3 სოციალური სახლი, რომელშიც განთავსებულია 1000-ზე მეტი პირი.

„მიუსაფართა თავშესაფარი გამოიყენება ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს სახლი. მათ თავშესაფარში ყველა საჭირო სერვისით მერია უზრუნველყოფს. ხოლო სოციალურ სახლებში ბენეფიციარებს საცხოვრისები გადაეცემათ დროებით სარგებლობაში, ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯებს კი თავად ბენეფიციარები წევენ და საკუთარ საჭიროებებს თავად აფინანსებენ. ზოგიერთმა ადამიანმა უსახკლაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ განაცხადა მასზე უარი, იმიტომ რომ მოლოდინია, თითქოს, მერია გადასცემდა მათ ბინებს და ექნებოდათ საკუთრებაში, რაც ესე არ არის. წესი ასეა, პირველ ეტაპზე მომართვის შემდეგ, ვისაც ყველაზე მეტი საჭიროება აქვს, მათზე ხდება დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეთავაზება. ის ადამიანები კი, ვინც ამ ჯგუფში ვერ ხვდებიან საწყისს ეტაპზე, გამგეობას გაჰყავს ქირით. ეს არის მეორე სერვისი, რომელიც გამგეობის სოციალური პროგრამაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან და ითხოვენ ჩვენთან სტატუსს, ამავე დროს შეიძლება გამგეობის მიერ ქირით იყვნენ უკვე გაყვანილები, რაც ასევე მერიის ბიუჯეტია. ასეთი თანაკვეთა ბევრია,“ - განაცხადა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, ხშირად უსახლკარო ადამიანები, ვინც ქუჩაში ცხოვრობენ, თავშესაფარში ცხოვრებაზე უარს თავად ამბობენ.

„ვერავის ვაიძულებთ. რესურსი ნამდვილად არსებობს თავშესაფარში. დღეისთვის არის 110 ადამიანი და ეს გათვლილია 240 ადამიანზე. რა თქმა უნდა, ზამთარში იმატებს რაოდენობა ხოლმე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მაინც უარს აცხადებენ თავშესაფარში ცხოვრებაზე,“ - აღნიშნა ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში ჯერჯერობით თავშესაფრის მშენებლობის საჭიროება არ არის, რადგან არსებული თავშესაფარი რაოდენობრივად აკმაყოფილებს მოთხოვნას.

რაც შეეხება სოციალურ საცხოვრისს, ჩივიაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, არის თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში ეს საკითხი გათვალისწინებული.

ცნობისთვის, პირი, რომელიც მერიას მიმართავს უსახლკაროს სტატუსის მისანიჭებლად, უნდა იყოს რეგისტრირებული თბილისში, არ უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება საკუთრებაში, ბანკში არ უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ბრუნვა, ვიდრე ეს საჭიროა ქირისა და საარსებო მინიმუმისთვის, არ უნდა უფიქსირდებოდეს საზღვრის კვეთა.