კვირაში 6 დღეზე მეტხანს მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
როგორც პროექტშია აღნიშნული, აუცილებელია დასაქმებულს კვირაში ერთი 24 საათიანი, სრულყოფილი დასვენების დღე მაინც ჰქონდეს, რომელსაც სურვილისამებრ განკარგავს.
„დღეს შრომის კოდექსი არ ადგენს კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას. შესაბამისად პრაქტიკაში შესაძლებელია და ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კონკრეტული დღის უქმე დღედ გამოცხადებამ დიდი გართულება შეიძლება გამოიწვიოს დამსაქმებელთათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შრომის კოდექსში გაჩნდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად, 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება დაასაქმოს პირი, მხოლოდ 6 დღით,“-აღნიშნულია პროექტში.