საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში შემოწმდა საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი 10 კომუნალური მომსახურების კომპანიის სერვისების შესაბამისობა სემეკის მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, შემოწმების შედეგად გამოვლინდა ახალი დარღვევები, ასევე, გადამოწმდა წინა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და მათი აღმოფხვრის მიზნით, სემეკის მიერ კომპანიებისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი.
უწყების ინფორმაციითვე, ანგარიშის შედეგებით დასტურდება, რომ კომპანიებმა წინა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევები ნაწილობრივ გამოასწორეს. ამასთან, ახალი და გამეორებითი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს სემეკმა ერთთვიანი ვადა განუსაზღვრა.
„2019 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით წარმოებული „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში შემოწმდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლისა“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მომხმარებელზე გაწეული კომუნალური სერვისების პროცესი. კერძოდ, დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრისა და ტექსტური შეტყობინების შინაარსის/მიღების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებებზე.
კვლევის ფარგლებში ახალი დარღვევები გამოვლინდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „საქორგგაზის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვისცენტრებში. დარღვევები შეეხებოდა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების პროცედურებს, მათ შორის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, მომარაგების დაწყების ტექნიკური ხარისხის შემოწმებას, ელექტრონულ ფოსტაზე ქვითრის მიღებასა და აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნას.
საერთო ხასიათის განმეორებითი დარღვევები დაფიქსირდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „ბათუმის წყლის“ სერვისცენტრებში. კერძოდ, კვლავ ეთქვათ უარი მოქალაქეებს ახალი მიერთების განაცხადის ჩაბარებაზე, ელექტრონულ ფოსტაზე ქვითრის მიღებაზე. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომპანიამ მომხმარებლის განაცხადი ელექტრონული ქვითრის მოთხოვნაზე არ დაარეგისტრირა სემეკის ელექტრონულ ჟურნალში, რეაგირების გარეშე დატოვა მომხმარებლის განაცხადი, დაარღვია მომარაგების დაწყების, შეწყვეტა/აღდგენის პროცედურები.
დადგინდა, რომ სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ გამოსწორებულია წინა კვლევის დროს გამოვლენილი დარღვევები. მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილი ქვითრის, განაცხადის რეგისტრაციაზე გაგზავნილი ინფორმაციის შინაარსი, ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულია რეგისტრაციის თარიღი და ა.შ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევა განხორციელდა სემეკის დაკვეთით, სატენდერო პირობების საფუძველზე, შპს „4 სერვის ჯი სეილსის“ მიერ.