თბილისში, გურამიშვილის გამზირზე “ზოდის“ ქართული ქვის საწარმო გაიხსნა, სადაც მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის პროდუქცია იწარმოება. კერძოდ, საუბარია გრანიტზე, ტუფზე, ბაზალტსა და კირქვაზე, რომლითაც კომპანია იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას, ხოლო სამომავლოდ ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.
საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, ხოლო, მისი წლიური წარმადობა, 50 000 მ2-ია. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საწარმოში უკვე 20 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე კი, მათი რაოდენობა 28-მდე გაიზრდება.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, 3 მლნ ლარია, საიდანაც 2 023 615 ლარი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით დაფინანსდა.
საწარმოს გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. მისი თქმით, კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დასაქმების და იმპორტის ჩანაცვლების, არამედ ექსპორტის ზრდისა და ეკონომიკის განვითრების თვალსაზრისით.
„კომპანია „ზოდი“ 2007 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და ძალიან ბევრ კარგ პროდუქციას უშვებს, თუმცა წელს ჩვენი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, მან კიდევ ერთი საწარმოო ხაზის გახსნა და გაფართოვება შეძლო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია 100%-ით ქართულ ქვას ამუშავებს, ანაცვლებს იმპორტს და უკვე ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ამასთან, ასაქმებს დამატებით 30-მდე ადამიანს, გარდა იმისა, რომ 200 კაცი უკვე დასაქმებული ჰყავს. ჩვენ სწორედ ასეთი ადგილობრივი წარმოებების გასაძლიერებლად, მეტი სამუშაოი ადგილების შესაქმნელად ვარ მოწადინებული და პროგრამაც, „აწარმოე საქართველოში“ ამ მიზანს ემსახურება“,-განაცხადა ნათია თურნავამ.
„ზოდის“ დამფუძნებელის ზაურ გაბაიძის თქმით, საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით წარმოება გაფართოვდეს და ადგილობრივმა პროდუქტმა იმპორტირებულს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პროდუქტის წარმოება. საქართველოში ნამდვილად გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ წარმოება განვითარდეს, ქართული პროდუქტით გავუწიოთ კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციას, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, შემცირდეს იმპორტი და გაიზარდოს ექსპორტი. ეს ბუნებრივია ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს“ - აღნიშნა ზაურ გაბაიძემ.
ცნობისთვის, „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 200-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება.
კომპანიამ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება, რომელიც 2019 წელს დაასრულა.
R