„დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული ინვესტორები მოიძებნება, რომლებიც შეძლებენ ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებას"

დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული ინვესტორები მოიძებნება, რომლებიც შეძლებენ ამ პროექტის დაფინანსებას, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან და კომპანია Meridian-ის მიერ პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და მას საფრთხე არ ემუქრება.

"ანაკლიის პროექტი არის საკმაოდ მიმზიდველი. მათ შორის კომერციულადაც მიმზიდველია და როდესაც კომპანიები საზღვრავენ შევიდნენ თუ არა ამა თუ იმ პროექტში, ამას უყურებენ. ჩვენ კონტეინერული ტვირთები ბოლო წლებში ძალიან სწრაფი ტემპით გვეზრდება. წელს არის რეკორდული ზრდა კონტეინერების გადაზიდვებში -40 %-იანი, აქედან გამომდინარე, პროექტის მიმზიდველობა ეჭვქვეშ არ დგას. გარდა ამისა, ეს სტრატეგიული პროექტია და სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ აიღო თავის თავზე, რომ პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ნაკლებრისკიანი გახადოს ინვესტორებისთვის. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება ღირსეული ინვესტორები, რომლებიც შეძლებენ ამ პროექტის დაფინანსებას. ჩვენთვის ეს პროექტი არის სტრატეგიული და მას საფრთხე არ ექმუქრება. კონსტიტუციით არის ცნობილი როგორც სტრატეგიული პროექტი. ჩვენ ასეთი უპრეცენდენტო მხარდაჭერა სხვა პროექტისთვის არ გამოგვიხატია. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ, რომ ეს პროექტი საფრთხის ქვეშ დგებოდეს", -განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.