„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მუნიციპალიტეტების ნაწილი უფლებამოსილებების განსახორციელებლად შენობებს ქირაობს

მუნიციპალიტეტების ნაწილი ცალკეული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შენობებს ქირაობს, ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებით სარგებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვის საკუთრებაშია ის შენობები, სადაც განთავსებულია მერია, საკრებულო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა სხვა მუნიციპალური დაწესებულება.

როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, 63 მუნიციპალიტეტს შორის 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

„წალკის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელსაც საკუთრებაში მერია/საკრებულოს შენობაც კი არ აქვს და სახელმწიფო საკუთარებაში არსებული შენობით უსასყიდლოდ სარგებლობს. ნაწილ შემთხვევებში კი მუნიციპალიტეტებს შენობების ქირაობა უწევთ საბავშვო ბაღების, ცალკეული სამსახურებისა და მუნიციპალური იურიდიული პირების ფუნქციონირებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დეცენტრალიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსები და ქონებაც არ გააჩნიათ, მეტიც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა.

საკმარისი ოდენობის ქონების არქონა კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესს, აძვირებს მას, ხშირ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება შემოსავლების გასაზრდელად გამოიყენონ.

ხელისუფლება ამჟამად 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თუ რა სახის და ოდენობის ქონება შეიძლება გადაეცეთ თვითმმართველობებს საკუთრებაში.

ამასთანავე, პრობლემურია შემდეგი გარემოებაც - დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტები შენობის ქირაობისას ხელშეკრულებას აფორმებენ სასურველი შენობის მეპატრონესთან, რაც ქმნის კორუფციული გარიგების რისკებს. ამ რისკის შესამცირებლად აუცილებელია დამკვიდრდეს უკეთესი სტანდარტი და კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შენობა მუნიციპალიტეტმა შეარჩიოს საჯარო გამოცხადების, კონკურსის ან/და ფასთა გამოკითხვის მეშვეობით, რაც პროცესის გამჭვირვალობასაც და თვითმმართველობის მიერ გასაწევი ხარჯების გარკვეულ ეკონომიასაც უზრუნველყოფს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.