"გირჩის" აქტივისტებმა და „შმაქსის“ მძღოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

"გირჩის" ლიდერებმა, აქტივისტებმა და „შმაქსის“ მძღოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელზე უწყებაში განცხადება შეიტანეს, რომელშიც მათი მოთხოვნები გააჟღერეს.

„გირჩის“ ლიდერისა და "შმაქსის" დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციის სამი მთავარი მოთხოვნაა: შეწყდეს „შმაქსებზე“ ნადირობა; გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს „შმაქსის“ და „ტაქსის“ მძღოლებს და გაუქმდეს „ტაქსების რეფორმა“.

ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მოთხოვნები არ შესრულდება, აქცია უფრო ფართომასშტაბიან ფორმას მიიღებს და პერიოდულად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ "შმაქსი" მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეფორმების საპასუხოდ დაფუძნდა. ამ დროისთვის 500-ზე მეტი „შმაქსია“ რეგისტრირებული.