როდესაც კანონს არღვევ, რა თქმა უნდა, დაგაჯარიმებენ, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „შმაქსის“ მძღოლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია არც ერთ მძღოლს არ ზღუდავს, რომ სურვილის შემთხვევაში, A კატეგორიაში ჩაერთონ და მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.
„რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ. როდესაც კანონს არღვევ, დაგაჯარიმებენ. როდესაც ჩვენ რაღაცას კანონის წინააღმდეგ ვაკეთებთ, კანონი მოქმედებს და ჩვეულებრივი მომენტია. ჩვენ არავის არ ვზღუდავთ. ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს A კატეგორიაში და მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას, არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერება გავლილი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული იყვნენ როგორც მძღოლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად ამ ავტომობილით გადაადგილდებიან. თუმცა, ავტომობილი უნდა ექვემდებარებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც არის ჩვენს მიერ მოთხოვნილი. ამ ყველაფრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ არავის არ ვზღუდავთ. ყველას აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, „გირჩის" ლიდერებმა, აქტივისტებმა და „შმაქსის“ მძღოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელზე უწყებაში განცხადება შეიტანეს, რომელშიც მათი მოთხოვნები გააჟღერეს.
„გირჩის“ ლიდერისა და "შმაქსის" დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციის სამი მთავარი მოთხოვნაა: შეწყდეს „შმაქსებზე“ ნადირობა; გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს „შმაქსის“ და „ტაქსის“ მძღოლებს და გაუქმდეს „ტაქსების რეფორმა“.