ინფრასტრუქტურის სამინისტროში თავს იკავებენ კომენტარისგან, თანახმა იყო თუ არა მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში „მერიდიანის" ჩართვაზე

ინფრასტრუქტურის სამინისტროში თავს იკავებენ კომენტარისგან, თანახმა იყო თუ არა მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში „მერიდიანის" ჩართვაზე.

სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორი, დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ „მერიდიანმა" ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუშინ, 28 ოქტომბერს მიმართა და სთხოვა მთავრობას ის პროცედურები შეეჩერებინა, რომელიც პროექტში კომპანიის ჩართვას უკავშირდებოდა.

მთავრობას დღეს ეწურებოდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ ამერიკული „კონტი" ჯგუფის ჩამნაცვლებლად წარდგენილი „მერიდიანის" მოწონების ვადა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მთავრობა აძლევდა თუ არა „მერიდიანს" პროექტში ჩართვის ნებას, თავად „მერიდიანს" რომ არ ეთქვა პროექტში ჩართვაზე უარი, ჯავახაძე აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე ეს უკვე აქტუალური არაა“.

„ამ ეტაპზე ეს უკვე აქტუალური არაა. პროექტში „მერიდიანის" ჩართვის საკითხის შესწავლა გრძელდებოდა. რაიმე ორაზროვანი განმარტება რომ არ მოყვეს, ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს საკითხი აქტუალური აღარაა“, - განაცხადა ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.