არავინ ჩადებს ფულს ანაკლიის პორტის პროექტში, ვიდრე ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი ჩაშლა სურს, - ასე ეხმაურება საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი „მერიდიანის“ მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმას.
ფადი ასლის განცხადებით, ყველა ხვდება, რომ მთავრობას ამ პროექტის განხორციელება არ სურს, ამიტომ გაუკვირდება კონსორციუმმა პროექტის განხორციელება რომ შეძლოს.
„საქართველოს მთავრობა ღიად და საჯაროდ აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პორტის პროექტს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, რომ ჩაეშალა ის. მას თავიდანვე ეს სტრატეგია ჰქონდა. ის მთავრობას მითითებას აძლევს, რომ საჯაროდ, საერთაშორისო საზოგადოებასთან და ინვესტორებთან საუბარში განაცხადონ, რომ თითქოს მხარს უჭერენ ანაკლიის პროექტს, მაგრამ ამავდროულად ივანიშვილს სურს მისი ჩაშლა. უბრალოდ მას არ სურს გააკრიტიკონ იმის, გამო რომ აშკარად შლის ამ პროექტს. სულელი არავინ არ არის. ამას ყველა ხვდება, საერთაშორისო საზოგადოებაც, ინვესტორებიც, საელჩოებიც ხვდებიან, რომ მთავრობას ამ პროექტის განხორციელება არ სურს. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდება, ვნახო, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ პროექტს რეალურად ახორციელებს. იმედი მაქვს, რომ ვცდები, მაგრამ რასაც ვაკვირდები 2019 წლის დასაწყისიდან, საქმე კარგად არ მიდის.
ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია. მთავრობა ამ პროექტში მხარეა. არც ერთი ინვესტორი არ დააბანდებს ფულს მასში, თუ არ ექნება მთავრობის მხარდაჭერა. ყველამ იცის, რომ მთავრობა ამას მხარს არ უჭერს. დღეს „მერიდიანი“, ხვალ კიდევ სხვა კომპანია. არავინ ჩადებს ფულს ამ პროექტში, ვიდრე ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი ჩაშლა სურს ,“- აღნიშნა ფადი ასლიმ.
მისივე განცხადებით, პორტს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, ის შექმნის სამუშაო ადგილებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც, რადგან აფხაზეთიდან 4 კილომეტრშია.
„აფხაზეთიდან ბევრი ადამიანი ჩამოვა აქ სამუშაოდ, რაც აფხაზ და ქართველ ხალხს დააახლოებს. პორტს აქვს როგორც გეოპოლიტიკური, ისე სოციალური და ეკონომიკური დატვირთვა. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. რა თქმა უნდა, რუსები ბედნიერები არ არიან ამ პროექტით. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რუსულ ინტერესებს ახორციელებს. ერთადერთი მხარე, რომელიც ამ პორტისგან ზარალდება, არის რუსეთი“, - განაცხადა ფადი ასლიმ.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. „2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.