„წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, რომელსაც დღეს უკვე არავინ „ჭამს“"

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, მორიგი საარჩევნო დაპირება, რომელსაც დღეს უკვე არავინ „ჭამს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მედიას განუცხადა, რითაც წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

რომან გოცირიძის თქმით, აღნიშნული „ინიციატივაც ისე გაჩერდება”, როგორც სხვა დანარჩენი პროექტები, რომელსაც ხელისუფლება მოსახლეობას დაჰპირდა.

„კაპიკებად შეისყიდის და რა თქმა უნდა, ესეც გაჩერდება ისე, როგორც გაჩერდა თერაპიის ცენტრი, რომელზეც 600 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო. სოფლის ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელზეც 120 მილიონი უნდა დახარჯულიყო. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ახლა უნდა იყოს 300 ათასი სტუდენტი ანუ, რაც კი საქართველოში სტუდენტია მისი ნახევარი. ააშენებენ ერთ კორპუსს, 200 ან 500 კაცი ისწავლის მთელი წლის განმავლობაში და იქნება ჩვეულებრივი უნივერსიტეტი, რაც არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მან გადაწყვეტილება მიიღო, პირადად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

მისივე ინფორმაციით, ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს წყალტუბოს აღორძინების რესურსი, გადაწყვიტა თავად გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია.