„ხალხო, ქვეყანაში მართლა კორუფციაა და მეჩვენება, რომ ეს კორუფცია ლეგიტიმურია"

ხალხო, ქვეყანაში მართლა კორუფციაა და მეჩვენება ეს კორუფცია ლეგიტიმურია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წელს ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა ძველ საქმეს შეისწავლის და ყველა დამნაშავეს და კორუმპირებულ ჩინოვნიკს ციხეში გაუშვებს.

„ჩვენ ვუსმინეთ ლაშა ნაცვლიშვილს, რა ილაპარაკა წინა კვირას, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებულები ვყოფილვართ და ესენი (ნაციონალური მოძრაობა) დღეს რომ ოპოზიციაა, ლაშა ნაცვლიშვილის პროკურორობის დამსახურება ყოფილა. ამაზე არავინ რომ არ იბარტყუნებთ უმრავლესობდიან ყურს და არ აქცევთ არაფერს ყურადღებას, ეს ნორმალურია?! ერთს მაინც გეთქვათ, რომ ეს პოზიცია აბსურდული იყო, მაგრამ არავის გაუპროტესტებია განცხადებები, რომ თურმე არ დაიჭირა დამნაშავეები და წავიდა გარიგებაზე იმიტომ, რომ თურმე ოპოზიცია სჭირდებოდა ქვეყანას. ოპოზიციასაც მოვუწოდებ, მეტი ყურადღება მიაქციონ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ ამ ისტორიაში თქვენც არ გამოდიხართ კარგ ფორმაში. თუ თქვენზე დაწყობილი საქმეები არსებობს, გადამწყვეტ მომენტში რა სახით შეიძლება იყოს გამოყენებული, გასაგებია. ხალხო ქვეყანაში მართლა კორუფციაა და როგორც ლაშა ნაცვლიშვილის საუბრიდან მეჩვენება, ეს კორუფცია ლეგიტიმურია, იმიტომ, რომ მათ აპატიეს ეს კორუფცია და გადმოიბარეს კორუფციული სქემები.

რასაც აუდიტის დასკვნები საუბრობს, ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობები - ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რომლებიც ფულს აკეთებენ. ეს ადამიანები დასაჭერები არიან. 2020 წელს უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ამ ადამიანებს დაიჭერს. დაიჭერთ ამ ადამიანებს? თუ ხართ დამჭერები ახლავე დაიჭირეთ?! თუ უბრალოდ აშანტაჟებთ კალაძეს აუდიტის დასკვნით ?! ჩამოყალიბდით და გაერკვიეთ რა გინდათ. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მკვეთრი პოზიცია უნდა ჰქონდეს ყველას იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ან ვცვლით საქართველოს და მიგვყავს უკეთესი მიმართულებით, ან ვიკავებთ სირაქლემის პოზიციას და სამარცხვინო იქნება ეს პოზიცია, იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა მოიგოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველა გადადებულ და გაჩერებულ სისხლის სამართლის საქმეს უკან დააბრუნებს, ახალ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ყველას პასუხს მოსთხოვს. ციხეში იქნებიან აქლემის ქურდები და არა ნემსის ქურდები“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.