2013 წელს პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან, რომ უკანაც არ მოუხედავთ,- ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას.
კანდელაკი ამ მიმართულებით 2013 წელს ქუთაისის აერპორტის არამიზნობრივ ხარჯად გამოცხადებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ წყალტუბო ვერ განვითარდა.
“პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზნობრივ ხარჯად“ 2013 წელს და ამ აეროპორტს რომ მისცემოდა დაგეგმილ სიმძლავრეზე - ანუ ორ მილიონ მგზავრზე გასვლის შესაძლებლობა (რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო), წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული და დატვირთული იქნებოდა პირველ რიგში ევროპელი ვიზიტორებით. ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დიდი ხნის ნაშოვნი ექნებოდა სამსახური. ელემენტარული ციფრებია.
2012 წელს რამდენიმე სასტუმროში, მათ შორის „შახტიორში“ (რომელიც ყველაზე დიდია) გახურებული სამუშაოები მიმდინარეობდა. 2013 წელსვე პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან, რომ უკანაც არ მოუხედიათ. ვიდრე რამეს ვიტყვით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტები არ დავივიწყოთ”, - წერს გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში.