"რეზონანსი" - ეკონომიკის მინისტრმა "ტავ ჯორჯიას" წამზომი ჩაურთო

ეკონომიკის მინისტრი, აეროპორტების მმართველ კომპანიას, ხარვეზების გამოსასწორებლად კონკრეტულ ვადას აძლევს. გუშინ ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრა, კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა და "ტავ ურბან ჯორჯიას" კონკრეტული ვადაც მისცა ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ეს, სახელმწიფოს მხრიდან ამ კომპანიის მიმართ პირველი საჯარო კრიტიკაა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში არ უპასუხეს კითხვას, რა შედეგი დადგება, თუ ,,ტავი” ხარვეზებს დათქმულ ვადაში არ აღმოფხვრის.

ეკონომიკის მინისტრმა აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა. თურნავას თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანაა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ქვეყნის რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით. საბოლოოდ მინისტრი უკმაყოფილო დარჩა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა. მან ხარვეზების გამოსასწორებლად „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობას გარკვეული ვადა მისცა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი მომსახურება მიაწოდოს, თუმცა დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას". აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ"-ი ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოასწორებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისი, კაფეები და რესტორნები, რომლის ინტერიერიც კარგა ხანია აღარ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს.

„დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მივეცი გარკვეული ვადა „ტავ ჯორჯიას". მინდა გითხრათ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ რამდენად მიმდინარეობს პრობლემების აღმოფხვრა", - აღნიშნა თურნავამ.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ ,,ტავი” საჯაროდ გააკრიტიკა, რასაც დადებითად აფასებენ სპეციალისტები. ,,ჰაბ ჯორჯიას” თანადამფუძნებელი, გიორგი კოდუა ამბობს, რომ კომპანიას დღემდე, დავიწყებული ჰქონდა კონტრაქტის პირობები და ისიც, რომ მას ვალდებულებებიც აკისრია.

,,ძალიან კარგია, რომ ჩვენმა მთავრობამ როგორც იქნა, დაიწყო კონტრაქტის კითხვა და გააზრება, რომ ხელშეკრულება ორ სუბიექტს შორის არის და ორივეს აქვს გარკვეული ვალდებულებები. "ტავ"-ი აქამდე ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს, არავითარ ვალდებულებაზე მას პასუხს არ სთხოვდნენ. მართლა ელემენტარული პირობები არ არის განვითარებისათვის.

ასე რომ, მივესალმები იმ ფაქტს, რომ მინისტრმა დაიწყო ამისათვის ყურადღების მიქცევა. კონტრაქტში წერია არაერთი პუნქტი, რომელიც არ შესრულებულა.

რამდენიმე წლის წინ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (იატა) გასცა რეკომენდაციები, რომელიც "ტავ ურბანს" უნდა შეესრულებინა. გააკეთეს კიდეც ტერმინალი, რომელიც 4 მლნ დაუჯდათ, ამის გამო 22 დოლარიდან 24 დოლარამდე ასწიეს მოსაკრებელი და ერთ წელიწადში, ზუსტად სამმაგად ამოიღეს. სხვა შენიშვნების გამოსწორებას კი არ გაჰყოლიან, არც სახელმწიფოს მოუთხოვია. როცა კომპანია ასე მუშაობს, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო მომთხოვნი და ცდილობდეს აითვისოს ის პოტენციალი, რაც ქვეყნას ბუნებრივად აქვს და რაც საქართველოს ეკონომიკისათვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არ ვიცი, რა იქნება შემდგომში, როგორ გაგრძელდება თუნდაც კონტროლი, მაგრამ დაწყებული კურსი და ქალბატონი თურნავასგან პირველი შენიშვნები და ვალდებულებების შეხსენება, მისასალმებელია. ის, რაც დაშვებულია ყველგან, მათ შორის თურქეთის აეროპორტში, შეზღუდვებით ხორციელდება ჩვენთან. გუბერნია რომ არ ვართ, ეს უნდა დავაფიქსიროთ”, - აცხადებს კოდუა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ეკონომიკის მინისტრს მალევე უპასუხა. როგორც “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აღნიშნავს, აეროპორტის მმართველ კომპანიასა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ერთი თვის წინ შედგა, სადაც “ტავ ჯორჯიამ” აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ხარვეზების და მისი გამოსწორების გზებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, სველი წერტილებში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტროს ინფორმაცია უკვე ჰქონდა, რაზეც შეხვედრაზე იყო საუბარი.

“რაც შეეხება რესტორნებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესრელიზში მრავლობით რიცხვშია ნახსენები რესტორნები, სავარაუდოდ, გაეპარათ ეს შეცდომა იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის ტერმინალში ყველა კვების ობიექტი არის განახლებული და ახალი. დარჩენილია ერთადერთი კვების ობიექტი სარეჟიმო ტერიტორიაზე, რომლის პროექტზეც მუშაობა უკვე ორი თვეა მიმდინარეობს", - აღნიშნა ზაქარაძემ.

“ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მინისტრ ნათია თურნავას აზრი მათთვის მნიშვნელოვანია, მაინც უმნიშვნელოვანესი მგზავრების პოზიციაა.

როგორ გაგრძელდება პროცესი და რა სახდელი ელის ,,ტავს” თუკი სახელმწიფოს შენიშვნები უგულებელყოფილი იქნება ან სრულად არ აღმოიფხვრება ხარვეზები, ეკონომიკის სამინისტროში ,,ბინზეს-რეზონანსს” არ უპასუხეს.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"