ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდეეთში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა. ნათია თურნავა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობაზე პირადად გაესაუბრა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცნობით, სოფელ ტაბაკინსა და ზედა კლდეეთში გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს. პროექტის მიხედვით ოთხი სოფლის - ზედა და ქვედა კლდეეთის, ტაბაკინის და თვრინის გაზიფიცირება იგეგმება. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ 900 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.
მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტის თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 2 079 919 ლარია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, იმერეთის მხარეში 2019 – 2021 წლების გეგმის მიხედვით, 8 მუნიციპალიტეტის 56 სოფელში დამატებით 9 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძეც ესწრებოდნენ.