“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობების, ამ დროისთვის უფუნქციო ძველი სასტუმროებისა და ყოფილი სანატორიუმების, არამედ კერძო სასტუმროების შეძენასაც გეგმავს.
„ინტერპრესნიუსი“ „ქართული ოცნებისგან“ დაინტერესდა, რა იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომ „აპირებს გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22-ვე სასტუმრო“. როგორც სააგენტოს მმართველ პარტიაში განუმარტეს, საუბარია, როგორც წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებაზე, ისე კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროებზეც.
თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე 15 სასტუმროა, რაც შეეხება დანარჩენ სასტუმროებს, უწყებაში ინფორმაციას არ ფლობენ, ეს ობიექტები კერძო საკუთრებაა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მზად არის, „პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გაასხვისოს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება“.