„ჩვენი მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო“ - თბილისში „8000 მოსავლის“ კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა

თბილისში „8000 მოსავლის“ ქსელს კიდევ ერთი, მესამე ობიექტი შეემატა.

ცინცაძისა და აბაშიძის ქუჩების შემდეგ, მომხმარებელს ღვინის შეძენა-დაგემოვნება ახლა უკვე მთაწმინდაზე, თაბუკაშვილის N27-შიც შეეძლებათ. ამჯერადაც ბრენდი კვლავ წარმოდგენილია, როგორც მაღაზიისთვის განკუთვნილი სივრცით, ასევე ბარის ტერიტორიით.

„8000 მოსავალი“ 3 წლის შეიქმნა „სინერჯი ჯგუფთან“ ერთად და ამ დროისთვის 3 მაღაზია-ბარით არის წარმოდგენილი თბილისში. კომპანიის მისია მაშინაც და დღესაც არის ის, რომ ქართული ღვინო რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გასინჯოს და შეიყვაროს. როგორც „8000 მოსავალში“ აცხადებენ, თავიდანვე კარგი ღვინოების შესაგროვებლად შეიქმნა დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, სადაც პერიოდულად ახალ-ახალ დეგუსტატორებს იწვევენ.

„ღვინის შერჩევის ჩვენი მიდგომა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, კარგი ღვინო ქართველ მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარობა მოიპოვონ. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია მოგვაწოდოს საკუთარი ღვინო და სადეგუსტაციო კომისიის მხრიდან მოწონების შემთხვევაში, ჩვენი მაღაზიის თაროებზე მოხვდეს“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „8000 მოსავლის“ თაროებზე 340 მეღვინეობის 1000-მდე ღვინოა წარმოდგენილი. თითოეული ღვინო ფარული დეგუსტაციის გზით დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისიის მიერ არის შერჩეული. ყველა ეს ღვინო თაროებზე ჯიშების და ადგილწარმოშობის მიხედვით ეწყობა, ყველა მეღვინეობა თანაბარ პირობებშია, არ ხდება უპირატესობის მინიჭება მწარმოებლის მიხედვით თაროზე. სტუმრებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ამ მიდგომით სასურველი ღვინის მოძიება.

მომსახურების მაღალ ხარისხზე მეტწილად აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ზრუნავენ.

„ჩვენი მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ჩვენ საქმიანობა ქალაქის ურბანულ ნაწილში დავიწყეთ და ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას ვმასპინძლობთ. თუმცა მზარდია ინტერესი უცხოელების მხრიდან და ვფიქრობთ, რომ ახალი მაღაზიის ლოკაცია საშუალებას მოგვცემს, ქართული ღვინო მეტ ტურისტს გავასინჯოთ.“ - განაცხადა „8000 მოსავლის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჩხაიძემ.