ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის პორტის პროექტის განხილვას, არ დაესწრება.
საკანონმდებლო ორგანოში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განხილვა ხვალ, 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი დაესწრება, რაც შეეხება მინისტრს, მან დეპუტატების მიწვევაზე უარი განაცხადა.
ამასთან, როგორც სსიპ „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა, დავით ჯავახაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით განაცხადა, კონსორციუმთან სამუშაო ფორმატში გრძელდება თანამშრომლობა.
„მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენ გასულ კვირას შევხვდით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“. შევთანხმდით, რომ სამუშაო ფორმატში გაგრძელდება თანამშრომლობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე სამჯერ იყო მინისტრი პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ კონსორციუმთან თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში, სამუშაო ფორმატში გაგრძელდეს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროექტის განვითარებას,“ - აღნიშნა ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მიიწვიეს.
მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.