2004 წლის ივნისში, ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს „არსის“ ოფისში მოვიდა ორი ბიჭი, ვახო ჯავახიშვილი და პაატა შეთეკაური. პაატა წარმოშობით მუცოელია.
პირველად გავიგეთ, რომ შატილიდან 13 კილომეტრში არსებობდა დასახლებული ციხე-სოფელი, უფრო სწორად, ნაქალაქარი, ქალაქური ტიპის დასახლება - მუცო. გვითხრეს, ფიქლით ნაგები კოშკებია, მაგრამ არც ერთ სახლს სახურავი აღარ აქვს, მშრალი წყობაა და ამიტომ ქვა ადვილად ცვივა. ტურისტები დაგვყავს და საშიშიაო. გვთხოვეს, იქნებ მოგვეხმაროთ და შემომზღუდავი წარწერები დავაყენოთ, სად შეიძლება გავლა და სად არაო. პარალელურად ვახო ჯავახიშვილი თიბისიში მუშაობდა და ამ პროექტით შესულა მამუკა ხაზარაძესთან. მართლაც, ძალიან დაბალბიუჯეტიანი პროექტი იყო და მხოლოდ ტურისტული მარშრუტის განსაზღვრას გულისხმობდა. გია აბულაძემ და მამუკა ხაზარაძემ ტელეფონით ილაპარაკეს და გადაწყდა, 19 ივნისს ყველას ერთად გვენახა, რა არის მუცო. მარტო ჩვენ არ წავსულვართ, წავიყვანეთ რამდენიმე ჟურნალისტი და რამდენიმე მენაშენე კომპანია, მივხვდით, რომ ამაში ბევრი ხალხი უნდა ჩაგვერთო. მუცოს არსებობა იცოდა მხოლოდ იმან, ვინც შატილში მოხვდებოდა და შატილელები წაიყვანდნენ ამ 13 კილომეტრის იქით და აქეთ. მოვიკითხეთ და ძეგლთა დაცვის სააგენტოში მუცოზე სააღრიცხვო და აზომვითი დოკუმენტაცია არ არსებობდა. პირველად სრული დოკუმენტაცია გაკეთდა 2004 წელს „არსისა“ და „თიბისის“ ერთობლივი პროექტის შემდეგ.
მოკლედ, 19 ივნისს, გამთენიისას წავედით და შუაღამით ჩამოვედით. დათვისჯვრის უღელტეხილზე რომ გადავედით, შეგვხვდა დამეწყრილი მონაკვეთი, დიდი ნაპრალებით, რომელზეც ხალხით სავსე ოთხი ჯიპით გადასვლა საშიში იყო, ბორბალი ჩავარდებოდა. მახსოვს, მამუკა ხაზარაძის ნათქვამი, აქამდე მოსულები ახლა უკან ნუ გავბრუნდებითო. გადმოვედით მანქანებიდან და ნაპრალებში დიდი ზომის ქვები ჩავყარეთ. მანქანაში დარჩა მხოლოდ მძღოლი, კარი ღია ჰქონდა - თუ მეწყერი მანქანას წაიღებდა, მძღოლი უნდა გადმომხტარიყო. ასეთი რისკით დაიწყო ეს პროექტი და ასეთივე თავგანწირვით გაგრძელდა.
ვნახეთ მუცო და იქვე გადაწყდა, რომ მხოლოდ ტურისტული ბილიკებით არ უნდა შემოვიფარგლოთ და უნდა მივხედოთ. პროექტის დაწყებისას გავიგეთ, რომ 1989 წელს მუცოს ნაწილი აზომილი ჰქონდა ბატონ სოსო ბანძელაძეს. რა თქმა უნდა, დავუკავშირდით ბატონ სოსოს, ამხელა ცოდნა რესტავრაციის დარგში ჩვენ არ გვქონდა. „თიბისიმ“ და „არსმა“ გაინაწილეს ეს ხარჯი და პირველი ექსპედიცია 2004 წლის აგვისტოში ჩატარდა. მუცოში სამი კვირა დავრჩით.
საგანგებოდ გავიხსენებ ბატონ სოსოს, რომელმაც არა მარტო „ქართულ სახლსა“ და მუცოს პროექტში, პირადად ჩემს, ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა. ორჯერ გვქონდა ექსპედიცია, 2004 და 2008 წლებში. 2004 წლის ექსპედიციის მიზანი ძეგლის სრული ფიქსაცია და ანაზომების შეკვრა იყო, 2008-ში კი პროექტი გამზადდა. ორივე ჯგუფი ერთი იდეით იყო შეკრული, რომ მუცო უნდა გადარჩეს და აღდგეს. ეს ყველაფერი მოდიოდა სოსოსგან, ის იყო საქმის სიყვარულისა და თავგანწირვის იშვიათი მაგალითი. მართლაც, საოცარი ადამიანი იყო. უკვე ავადმყოფობდა, დროდადრო ხევსურეთიდან თბილისში ჩამოდიოდა, პროცედურას იტარებდა და ბრუნდებოდა. მუცოზე, სადაც ძალიან ცუდი ასასვლელია, ყოველ დღე ყავარჯნის დახმარებით ადიოდა და ჩამოდიოდა. აღფრთოვანებული ვუყურებდი. ჰქონდა ძალიან დაბალი ტემბრის ხმა, ხმადაბლა ლაპარაკობდა. მისი დაბალი ტემბრი და მუცოს წყლის ხმამაღალი ჩხრიალი ერთმანეთს ვერ ეხამებოდა. თანაც მუცოზე სულ ქარია და ის შრიალიც ძალიან მიშლიდა ხელს. გვერდით ვეჯექი, სახეში ვუყურებდი და ვცდილობდი, მისი ყველა სიტყვა კარგად გამეგო. სოსო კი ძალიან მშვიდად და დარწმუნებით ლაპარაკობდა, როგორი იყო ხევსურული სახლი, რომ მუცო ნაქალაქრია, რატომ არის ნაქალაქარი, რომ იქ არის ისეთი შიდა გზები, მოედნები, სახლებს შორის ისეთი კავშირები, რომელიც ქალაქს ახასიათებს. მას ბევრად ადრე ჰქონდა შესწავლილი, აზომილი და რესტავრაციის პროექტზე ნაფიქრი და ისე მოხდა, რომ ერთად დავასრულეთ.
2004 წელს 21 ჟურნალისტი ჩავიყვანეთ მუცოში, რომ ამბავი ჩამოეტანათ. ორი ღამე გაათიეს კარვებში და სრულიად მოვწამლეთ მუცოს სიყვარულით. რომ ჩამოვედით, „არსის“ გალერეაში გავაკეთეთ გამოფენა - „SOS! გადავარჩინოთ მუცო!“ გამოვფინეთ ჩვენი ფოტოები, ანაზომები, ჟურნალისტების გადაღებული ფოტოები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ოჯახი, დაიაურები და შეთეკაურები, რომლებიც ზაფხულობით იქ ცხოვრობდნენ, პირველი დღეებიდანვე გვერდით გვედგნენ და ფიზიკურადაც გვეხმარებოდნენ. პაატა შეთეკაური, ცხადია, ექსპედიციის წევრი იყო, გელა და ალუდა დაიაურები შემდეგშიც ფიზიკურად შრომობდნენ და რესტავრაციაშიც მონაწილებდნენ. ყველას გაუჩნდა რწმენა - რადგან გამოვჩნდით, მუცოს აუცილებლად ეშველება. თუმცა, თავიდან დარწმუნებით არ ვიცოდით, რა იქნებოდა. 2008-ში მივაღწიეთ იმას, რომ ნიკა ვაჩეიშვილის დიდი ძალისხმევით რესტავრაციის პროექტზე სახელმწიფომ გამოყო ფული, 125 ათასი ლარი. ჩატარდა ტენდერი, ჩვენ გავიმარჯვეთ და რესტავრაციის პროექტი დაიდო. მაგრამ რესტავრაცია თუ მოხდებოდა, ამისი უკვე აღარ გვჯეროდა.
2008 წლის 7 აგვისტოს დავბრუნდით ექსპედიციიდან და თბილისში დაგვხვდა ომი. იქ არაფერი გაგვიგია, ტელეფონიც არ იჭერდა. ექსპედიციის ორი წევრი, რომლებიც ტოპოგრაფიას აკეთებდნენ, იქ დავტოვეთ. ჩამოვედით სრულიად გაუგებარ სიტუაციაში, რა გველოდა, რა იქნებოდა, არ ვიცოდით. ექსპედიციის ინვენტარი, კარვები და საძილე ტომრები საბავშო ბაღებსა და სკოლებში შეფარებულ ლტოლვილებს გავუგზავნეთ. ასე რომ, ცოტა ხანი მუცოსთვის აღარ გვცხელოდა.
შოკიდან რომ გამოვედით, პროექტი დავასრულეთ და 2008 წლის ბოლოს ჩავაბარეთ. ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მივხვდი, რა დიდ ადამიანებთან ერთად მიწევდა ამ საქმის კეთება. ჩვენ ვიყავით იდეის ავტორები და ინტერესთა კონფლიქტი რომ არ წარმოშობილიყო, პრაქტიკულად სხვას უნდა შეესრულებინა. რესტავრაცია მოხდა ჩვენი პროექტის მიხედვით, ზედამხვედოლებას ახორციელებდა სოსო ბანძელაძე თავის ჯგუფთან ერთად. 2014-ში დაიწყო რეალური სამუშაოები. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მუცოს გადარჩენისა და რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ძირითადი ეტაპი ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მუცოში ჰიდროელექტროსადგურიც მოეწყო და იქ მცხოვრებთ უწყვეტი ელექტროენერგია მიეწოდებათ. მართვის გეგმა და მისი დიჯიტალიზიის პროგრამა, როგორ უნდა გაცოცხლდეს და რომელ კოშკში რისი მოწყობა შეიძლება, ჯერ კეთდება.
2004 წელს მუცოში ორი ოჯახი ცხოვრობდა, 2008-ში აღარავინ დარჩა, ახლა სამი ოჯახი დაბრუნდა. კულტურული მემკვიდრეობის შენახვისა და გადარჩენის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუცოდან სამ კილომეტრში არის ჩეჩნეთის საზღვარი და სასაზღვრო სოფელი დაცლილი იყო. პირველი იმპულსი უნდა მისცე, რომ ხალხი, თუნდაც პერიოდულად დაბრუნდეს. ძეგლთა დაცვის სააგენტომ შექმნა მუზეუმ-ნაკრძალი და ერთ-ერთი ოჯახის უფროსი დანიშნა ამ ნაკრძალის გამგედ. მას ვალდებულება აქვს, ზამთარში თოვლი რომ მოვა, გადმოთოვოს. არადა, ისეთი დიდი და მძიმე თოვლი მოდის, რომ თუ არ გადმოთოვეს, ფიქალს ჩაანგრევს. თუ ხალხს ეკონომიკური სტიმული არ მიეცი, არ დაბრუნდება. ტურიზმს კი სხვა რამეც მიებმება, თუნდაც რძისა და ყველ-კარაქის წარმოება. სამწუხაროდ, მთა ისედაც ზაფხულობით ცოცხლდება. ვიბრძვით, რომ გავახანგრძლივოთ ეს ზაფხული, მთელი წლით მოხდეს დაბრუნება. ბევრი აპირებს რესტავრირებულ ციხე-კოშკებში დაბრუნებას. შიგნით მოწყობილი არ არის, მაგრამ გადახურულია, სართულებს შორის ხის ტიხრები აღდგენილია.
ევროპის მასშტაბით ევროპა ნოსტრა არის ერთადერთი ჯილდო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წლის განმავლობაში წარდგენილ პროექტებზე გასცემენ. აქვს ოთხი ნომინაცია. 149 პროექტი იყო წარდგენილი და 25 პროექტი აირჩა, მათ შორის 11 კონსერვაციის ნომინაციაში, რაშიც მუცომ აიღო ჯილდო. ამან საქართველოს ცნობადობა აწია. პრივილეგირებული ადგილები არ არის, თერთმეტივე ნომინირებულია. 29 ოქტომბერს ამ 25-დან უნდა აირჩიონ ერთი გრანპრი, ამას ირჩევს ჟიური და 10 ათასი ევროა ჯილდო. ასევე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება ხმის მიცემით გამოევლინა თავისი რჩეული.
და ბოლოს, ვახო ჯავახიშვილი და პაატა შეთეკაური „არსის“ ოფისში რომ არ მოსულიყვნენ, გია აბულაძე და მამუკა ხაზარაძე რომ არ დაინტერესებულიყვნენ, სოსო ბანძელაძე ასე უსაზღვროდ შეყვარებული რომ არ ყოფილიყო მუცოსა და საერთოდ მთაზე, რომ არ ყოფილიყო კომპანია „ქართული სახლი“, ადგილობრივი მოსახლეობა ასეთი დიდი იმედით რომ არ შეხვედროდა მათი ციხე-ქალაქის აღდგენის საქმეს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული მზრუნველება რომ არ გამოეჩინა, ფონდ „ქართუს“ ასე უშურველად რომ არ ეკისრა ამ დიდი საქმის სრულყოფილად დაგვირგვინება, შპს "არქიტექსი"-ს თავდაუზოგავი შრომა, ვინც ფიზიკური სამუშაოები შეასრულა, და კიდევ, 15 წლის განმავლობაში ბევრ, ბევრ ადამიანს დიდი თუ მცირე წვლილი არ შეეტანა მუცოს აღდგენაში, დღეს საქართველოს დელაგაცია პარიზში ევროპა ნოსტრას დაჯილდოების ცერემონიალზე ვერ მოხვდებოდა, რომ გულისფანცქალით დალოდებოდა ამ სიტყვების მოსმენას: მუცო - საქართველო...
ნანა მეფარიშვილი - „ქართული სახლი“