ტელეწამყვან ნათია ლაზაშვილის მეუღლეს, გიორგი ფრუიძეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა (92 მომხრე).
გიორგი ფრუიძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით 3 ოქტომბერს თავად მიმართა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრი მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.
ფრუიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“ - ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა.