IDFI : მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებმა 2013 წელს პრემიის სახით 1 646 027 ლარი მიიღეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებმა 2013 წელს პრემიის სახით 1 646 027 ლარი მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, IDFI-ს არ მიეწოდა ინფორმაცია პროკურატურის თანამდებობის პირებზე პრემიების შესახებ ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით, თუმცა მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯამურად საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებს 2013 წელს მიღებული აქვთ პრემია 1 646 027 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 852 731 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს - 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით.

საერთო ჯამში 2013 წელს პროკურატურის სისტემაში სულ გაიცა - 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია, 2014 წლის პირველ 6 თვეში კი 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია.

"შედარებისთვის აქვე გვინდა მოვიყვანოთ პროკურატურის სისტემაში 2012 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციაც. კერძოდ, ჩვენ მიერ მიღებული ოფიციალური წერილიდან იკვეთება, რომ 2012 წელს პროკურატურის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე სულ გაცემული იქნა - 4 557 686 ლარის ოდენობის პრემია.

პროკურატურის სისტემაში სულ დასაქმებულია 53 თანამდებობის პირი. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროკურატურის თანამდებობის პირებზე ყოველთვიურად დარიცხული პრემიის საშუალო ოდენობა 2013 წელს დაახლოებით 2588 ლარს, ხოლო 2014 წელს კი 2682 ლარს შეადგენდა. სამწუხაროდ, ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების გამო რთულია იმის იდენტიფიკაცია, თუ რომელმა თანამდებობის პირმა რა ოდენობის პრემია მიიღო 2013-2014 წლებში. ამავე დროს, თუ ჩვენ გავაანალიზებთ, მაგალითად, მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლის ოდენობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: გაბიტაშვილს 2013 წელს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შემოსავლის ოდენობად მითითებული აქვს 61 920 ლარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ თანამდებობაზე ის დაინიშნა 2013 წლის 13 ივნისს. მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3400 ლარს, აქედან გამომდინარე 7 თვის განმავლობაში (2013 წლის ივნისი-დეკემბერი) მას ხელფასის სახით უნდა მიეღო 23 800 ლარი. შესაბამისად, თუ ამ თანხას გამოვაკლებთ მის მიერ დეკლარირებულ 61 920 ლარს, ვნახავთ, რომ ხელფასთან ერთად გიორგი გაბიტაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 38 120 ლარი (საშუალოდ, 5445 ლარი - ყოველთვიურად პრემიის სახით). შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2013 წელს საქართველოს პროკურატურაში მაღალ თანამდებობის პირებზე კვლავ იმ წესით და ოდენობით გაიცემოდა საპრემიო თანხები, როგორც ეს 2012 წელს იყო დამკვიდრებული პრაქტიკაში", - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.