უკვე აღარ გვიკვირს მისგან არათანმიმდევრული განცხადებები და უბრალოდ ვურჩევ, რომ არ არის აუცილებელი, კარგზეც და ცუდზეც ცუდის ლაპარაკი,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
მდინარაძის შეფასებით, წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არ შეიძლება არ მოსწონდეს ადამიანს, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს.
"ძალიან საინტერესოა, ვისი ეგიდით გააკეთა ხაზარაძემ ეს განცხადება - როგორც ბიზნესმენმა თუ როგორც პოლიტიკოსმა? თუ როგორც ბიზნესმენმა, მაშინ შევახსენებ ბაკურიანის პროექტს, როდესაც კოხტაგორა ჩაიგდო ხელში და წლების განმავლობაში არ მიკარებია ამ პროექტს მანამდე, სანამ სახელმწიფომ არ მოუგვარა იქ ინფრასტრუქტურული პრობლემები. თუ როგორც პოლიტიკოსმა გააკეთა ეს განცხადება?! ნუ უკვე აღარ გვიკვირს მისგან არათანმიმდევრული განცხადებები და უბრალოდ ვურჩევ, რომ არ არის აუცილებელი, კარგზეც და ცუდზეც ცუდის ლაპარაკი იმიტომ, რომ არის ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება, ოპოზიციონერმაც მოიწონოს. ასეთი პროექტები არ შეიძლება არ მოსწონდეს ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავს. როდესაც იცი, რომ წყალტუბოში ამ ინიციატივის შედეგად იქნება განვითარების, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და რეგიონალური ცენტრი, ცუდის ლაპარაკი მაინც და მაინც აუცილებელი არ არის,"- განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ წყალტუბოში გამოისყიდოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო, არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება. მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება.