იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის შეფასებით, წყალტუბოს განახლება, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
„ძალიან მიხარია, რომ იმერეთი ამ ბოლო დროს გახდა საუკუნის პროექტების ეპიცენტრი. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე, გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა. დღეს გახდა ცნობილი, რომ იწყება წყალტუბოს სრული რეაბილიტაცია. ეს გრანდიოზული პროექტი ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და მოიცავს 22 სანატორიუმის რეკონსტრუქციას, რომლებიც 30 წელია, მიტოვებული და გაპარტახებულია, წყალტუბოს განახლება, მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, ეს არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მოხდება დაახლოებით 20 ათასი ადამიანის დასაქმება და ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ზოგადად ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მთელი იმერეთისთვის და ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის.
რაც შეეხება დევნილებს, მშენებლობები მიმდინარეობს როგორც წყალტუბოში, ასევე ქუთაისში, ეს პროცესი შეუქცევადია და ყველა დევნილი ეტაპობრივად დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით“, - განუცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს წყალტუბოში, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.