მუცო ევროპის „საზოგადოების რჩეული“ გახდა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

აღნიშნული პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

რაც შეეხება ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ციხე-ქალაქის აღდგენითი სამუშაოები წელს დასრულდება, ხოლო ინფრასტრუქტურული ნაწილი - 2020 წელს.

ცნობისთვის, მუცოს აღდგენის პროექტს 2014 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით ახორციელებს.

2018 წელს დასრულდა რეაბილიტაციის მე-4 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები.

სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. ასევე, აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.

მუცოს სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ 2014-2015 წლებში 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.

თაია არდოტელი