ბოინგის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის მუილენბურგმა სენატის საფინანსო საკითხთა კომიტეტში გამოკითხვისას დაადასტურა, რომ 737 MAX-ის შემთხვევაში შეცდომები იყო დაშვებული, - „ვიცით, რომ გარკვეული შეცდომები დავუშვით და 737 Max 8 jet-ის შემთხვევაში რაღაცები არასწორად წავიდა“, - განაცხადა მუილენბურგმა.
შეგახსენებთ, რომ საუბარი თვითმფრინავის იმ მოდელზეა, რომელიც 6 თვის ინტერვალით ორჯერ 2018 წლის ოქტომბერში და 2019 წლის მარტში ჩამოვარდა და 346 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მომზადებულ განცხადებაში მუილენბურგმა განაცხადა, რომ ღრმად დამწუხრებულია ავიაკატასროფების გამო, რომლებიც, მისი განმარტებით, გაუმართავმა სენსორულმა სისტემამ გამოიწვია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სენსორის სისტემის მიერ ბრძანების არასწორმა წაკითხვამ, თვითმფრინავის ავტომატური სისტემა აიძულა დაშვებულიყო, მაშინ როდესაც პილოტები ცდილობდნენ თვითმფრინავი მაღლა აეწიათ. მუილენბურგმა ჯერ კიდევ მაისში CBS-თან გაკეთებულ ინტერვიუში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს პერსონალური ბოდიში გადაუხადა.
მიუხედავად იმისა, რომ მუილენბურგმა კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომები აღიარა და ღრმა მწუხარება და თანაგრძნობაც გამოხატა დაზარალებულთა მისამართით, ის მაინც თავს არიდებდა სენატორების მიერ დასმულ კითხვებს. მაგალითად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ყველანაირად ეცადა, რომ ერთ-ერთი სენატორის მიერ დასმულ კითხვაზე სწორხაზოვანი პასუხი არ გაეცა, რომელიც კითხულობდა, აღმოაჩინა თუ არა კომპანიამ სენსორის სისტემაში არსებული რომელიმე ამჟამად ცნობილი ნაკლი 737 MAX-ის გაშვებამდე.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Boeing-ის წინააღმდეგ ამჟამად 150 სარჩელია შეტანილი გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მხრიდან. ზოგიერთი ოჯახის წევრი სასამართლო მოსმენაზე გარდაცვლილის ფოტოსურათით მივიდა.
ავტორი: სალომე აბულაშვილი