უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს კუთვნილი 1000 ქონების პრივატიზებას. აქამდე აღნიშნული ობიექტების პრივატიზება აკრძალული იყო.
„აღნიშნული ბრძანებით პრეზიდენტმა გააუქმა დიდი ხნის აკრძალვა მსხვილი ქონების პრივატიზებაზე“ , - წერს „კიევ პოსტი“.
პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის იულია კოვალივის განცხადებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში უკრაინის პარლამენტში იყო 8 მცდელობა ამ ჩამონათვალის შესამცირებლად, თუმცა უშედეგოდ. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენს ინიციატივას“, - განაცხადა მან.
გასაყიდად გამოტანილი მცირე ქონების რეალიზება მოხდება ProZorro საჯარო პლატფორმის საშუალებით, ხოლო მოგვიანებით მას დაემატება 16 მსხვილი სახელმწიფო ქონება, რომელშიც შედის მექანიკის საწარმო Azovmash-ი და სასუქის მწარმოებელი Odesa Portside Plant-ი.
ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო ამ „დიდი პრივატიზების“ ფარგლებში, თუმცა იგივე კოვალივის განცხადებით, თუნდაც ერთი ალკოჰოლის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანიის UkrSpyrt-ის გაყიდვიდან ბიუჯეტში 5 მილიარდი გრივნა (200 მილიონი დოლარი) შევა.
პირველ ხუთ ობიექტს შორის, რომელიც საპრივატიზაციო სიაში მოხვდა, არის კიევის Dnipro Hotel და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი Chaika.
Dnipro Hotel-ის გარდა, ასევე გაიყიდება სასტუმრო Ukraine, ასევე დასასვენებელი კურორტი Pushcha Vodytsya და სანატორიუმი Concha Zaspa კიევის გარეუბანში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრივატიზებას 3-4 თვე დასჭირდება. ხოლო შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ვალების გასტუმრებას და სოციალური პროექტების დაფინანსებას.