ყველა განცხადება, ბოლო შანსებზე, ვადებზე არის არაკონსტრუქციული მიდგომა, რიტორიკაც სხვა უნდა იყოს და მიდგომებიც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მედიას პარლამენტში განუცხადა.
ლევან ახვლედიანის თქმით, ის დღეს პარლამენტში მოვიდა, რომ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც ღიად არის დარჩენილი ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო, რათა საზოგადოებას დაანახოს, თუ რამდენად “მცირე დარჩა იმისთვის, რომ პროექტი წარმატებით დასრულდეს”.
ლევან ახვლედიანმა კომპანია “მერიდიანზეც” ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ მათ ინტერესი ფორმალურად გაიტანეს. რაც ქალბატონმა მინისტრმა თქვა, არის ოფიციალური ვერსია, რომ მათ არ აქვთ დღეს შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე არ არის. მათ აქვთ ძალიან მყარი ინტერესი პროექტის მიმართ. მათ ძალიან დიდი დრო დახარჯეს პროექტის შესწავლაში და აცნობიერებენ, რა გამოწვევების წინაშე დგას პროექტი. თუ მთავრობა მათ გამოუცხადებს მხარდაჭერას, დაპატიჟებს კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, დარწმუნებული ვარ, “მერიდიანიც” შემოტრიალდება”,-განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, იტოვებს იმედს, რომ კონსტრუქციული ნაბიჯების შედეგად, პროექტი დასრულდება.
რაც შეეხება ვადებს, ლევან ახვლედიანის თქმით, ვადებზე და ბოლო შანსებზე საუბარს არ მიესალმება.
„ყველა ასეთი განცხადება, ბოლო შანსებზე, ვადებზე არის არაკონსტრუქციული მიდგომა. ამაზე საუბარი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს საუბარი, რომ დავსხდეთ და გადავწყვიტოთ ღია საკითხები. ვთანხმდებით, რომ ქვეყნის ინტერესებშია ამ პროექტის წარმატებით გამოსვლა, რიტორიკაც სხვა უნდა იყოს და მიდგომებიც კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში სხვა უნდა იყოს”, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.
ამ წუთებში, ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა საპარლამენტო ფორმატში მიმდინარეობს. განხილვის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი. მათ შეხვედრაზე დასასწრებად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიწვიეს. მინისტრმა პარლამენტში მოსვლაზე უარი განაცხადა.
ამასთან, გუშინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.