სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ალეას რეაბილიტაცია-მოწესრიგება იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებული სივრცე მძიმე მდგომარეობაშია.
მისივე ინფორმაციით, 4კმ-იან მონაკვეთზე შესაძლოა, ველობილიკები და საბავშვო სივრცეები მოეწყოს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა, არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაცია განვახორციელოთ და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა განხორციელდეს. რადგან ვფიქრობთ, რომ დღეს რაც ალამაზებს და სჭირდება ჩვენს ქალაქს, ეს არის მწვანე სივრცეების შექმნა, არსებულების მოწესრიგება და რა თქმა უნდა, თავიდან ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა. მოსკოვის გამზირზე არის ალეა, რომელიც საკმაოდ დიდი, დაახლოებით 4 კმ-ის სიგრძისაა, საუბარი მაქვს გზაგამყოფზე, მოცულობითია და მინდა დავავალო გუგა გიგაშვილს დაიწყოს პროექტის მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ ამ ადგილის გაკეთილშობილება. დღეს იქ არსებული მდგომარეობა არის ძალიან რთული. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს ამ სივრცით, როდესაც ის გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება. იქ შესაძლებელია ველობილიკების და ბავშვებისთვის სპეციალური სივრცის გაკეთება. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე იყოს ქალაქში. მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელება.
რამდენიმე დღის წინ ვიყავით სამგორის რაიონში, შანხაის დასახლებაში, სადაც კორპუსებს შორის არსებული სივრცე მოვაწესრიგეთ და უნდა გენახათ, რამხელა სიხარული იყო, როგორი ბედნიერი იყო ხალხი განხორციელებული პროექტით. ბევრი გვაქვს ასეთი ადგილი ქალაქში, რომელიც მოუწესრიგებელია და ამას უნდა დავუთმოთ ძალიან დიდი ყურადღება",- განაცხადა კალაძემ.