რა მოგებაზე მუშაობს ორი ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე აზარტული ბიზნესი -  რა თანხას იღებენ მოქალაქეებისგან „კრისტალბეთი“ და „აჭარაბეთი“

საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო.

ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ („ლიდერბეთი“); შპს „ბეთლაივი“ („ბეთლაივი“); შპს „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“) და შპს „ავიატორ“ („აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“).

ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია ამ კომპანიათა მოგება/შემოსავლები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშგების ვებგვერდზე 2018 წლის ფინანსური მაჩვენებლები მხოლოდ შპს „მარსს“ აქვს გამოქვეყნებული.

კომპანიის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2018 წელს კომპანიის მოგება და მთლიანი სრული შემოსავალი - 48 715 000 ლარს; მოგება დაბეგვრამდე - 53 246 000 ლარს; შემოსავალი - 163 366 000 ლარს შეადგენდა. მოგების გადასახადის სახით კი კომპანიას - 4 531 000 ლარი აქვს გადახდილი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მის საკუთრებაში იყო - 53 110 000 ლარის აქტივები. რაც შეეხება ტოტალიზატორის მოსაკრებლის გადასახადს - 35 747 000 ლარს შეადგენდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შპს „მარსის“ წმინდა ონლაინ შემოსავალი - 163 366 000 ლარი იყო; მათ შორის, შემოსავალი ონლაინ კაზინოს ონლაინ თამაშებიდან - 89 036 000; შემოსავალი ონლაინ ტოტალიზატორიდან - 61 933 000 ლარი; შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან კი - 9 907 000 ლარი იყო და ა.შ.

ცნობისთვის, შპს „მარსი“ 2015 წლის 5 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მულტიბრენდული ინტერნეტ პლატფორმის www.crystalbet.com საქმიანობის წარმართვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ ტოტალიზატორს, ონლაინ კაზინოს, ონლაინ peer-to-peer და სხვა ონლაინ თამაშებს. კომპანია საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 33 სალაროს, ქვიტირში არსებული სამორინეს და ბორჯომში არსებული ტოტალიზატორის საშუალებით. ხაშურში არსებული სლოტ კლუბი დაიხურა 2018 წლის ოქტომბერში.

კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი - ბვინ ჰოლდინგს (მალტა) ლიმითედი; 5%-5%-5%-იანი წილების - გიორგი ჩხეიძე, კობა და ვანო გიგლემიანები; 20% იანის წილის - ლევანი ახვლედიანი, ხოლო 10%-ის კნიაზ დასენი არიან.

რაც შეეხება შპს „ავიატორს“, მას ვებგვერდზე ჯერ კიდევ 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლები აქვს გამოქვეყნებული. 2017 წელს კომპანიის მოგება - 131,988,000 ლარი; გაყიდვების თვითღირებულება - 37,448,000 ლარი; ბრუტო, ანუ მთლიანი შემოსავალი ხარჯების გამოკლებით კი - 94,540,000 ლარი იყო. 2017 წლის მოგება და მთლიანი სრული შემოსავალი - 52,854,000 ლარს შეადგენდა, ხოლო მოგების გადასახადი კომპანიას საანგარიშო პერიოდში არ გადაუხდია. რაც შეეხება აქტივებს, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია - 18,198,000 ლარის აქტივებს ფლობდა.

ამასთან, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2017 წელს შპს „ავიატორის“ წმინდა შემოსავალი კაზინოს ინტერნეტ თამაშებიდან - 106,494,000 ლარი; წმინდა შემოსავალი peer-to-peer თამაშებიდან - 17,644,000; წმინდა შემოსავალი სამორინედან - 4,988,000; ზოგადი წმინდა შემოსავალი ონლაინ თამაშებიდან კი - 2,862,000 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წმინდა შემოსავალი ონლაინ თამაშებიდან წარმოდგენილია კლიენტებისთვის განკუთვნილი წამახალისებელი აქციების („ფრიროლი“, „ფრისპინი“ და ა.შ.) და ბონუსების გამოკლებით.

ცნობისთვის, შპს „ავიატორი“ 2014 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ონლაინ თამაშები. კომპანიის მიერ შეთავაზებული ორი ძირითადი პროდუქტი არის: ონლაინ კაზინო და peer-to-peer თამაშები. კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ თამაშების პლატფორმას ინტერნეტ ვებგვერდის - www.adjarabet.com-ის მეშვეობით. კომპანია საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 13 სალაროს და დაბა სტეფანწმინდაში არსებული სამორინეს საშუალებით. კომპანიას მთლიანად ფლობს შპს „ატლას“, რომლის 51%-იან წილს -შპს „ატლას ჰოლდინგსი“, 49%-იან წილს კი - შპს „სითი ლოფტი“ ფლობენ. თავის მხრივ „სითი ლოფტის“ მფლობელი თეიმურაზ უგულავა, ხოლო „ატლას ჰოლდინგის“ 100%-ის მესაკუთრე TSE Holdings Limited-ია.

თაია არდოტელი