Google-ის მფლობელმა კომპანიამ Alphabet მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ხარჯვითი დინამიკა შემოსავლების დინამიკაზე მაღალია, თუმცა რეკლამიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია.
მესამე კვარტლის მონაცემებით, Google-მა რეკლამებიდან 33 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, სარეკლამო შემოსავლების ზრდა ნიშნავს, რომ Google როგორც რეკლამის განთავსების მოედანი, ახლაც მაღალმოთხოვნადია სარეკლამო დამკვეთებში.
ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტალში Alphabet-ის სუფთა მოგებამ 7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 23%-ით ნაკლებია. ჯამურად 31,3 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი კომპანიის ხარჯები, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ეს კი პირველ რიგში დაკავშირებულია კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკაზე ახალ ტექნოლოგიებში (ღრუბლოვანი სერვისი და ხელოვნური ინტელექტი).
როგორც Reuters-ი წერს, კომპანიის შემოსავლები პროგნოზირებულზე 1,7 მილიარდით ნაკლებია. Alphabet-მა ბოლო სამ თვეში 40,5 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.