ვინ უშლის მამუკა ხაზარაძეს, რომ განახორციელოს ინვესტიციები და ჩაებას ქვეყნის განვითარებაში? ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის განცხადებას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არც ერთ ინვესტორს, ვისაც სურვილი ექნება პროექტის განვითარებაში ჩაერთოს, ხელი არ შეეშლება.
"რატომ უნდა შეეზღუდოთ სხვა ინვესტორებს წყალტუბოში ინვესტიციების განხორციელება? - პირიქით, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყველას, ვისაც სურვილი ექნება, თავისუფლად შეეძლება დაუდგეს ბიძინა ივანიშვილს გვერდით, რაიონს, ქვეყანას. ვინ უშლის მამუკა ხაზარაძეს, რომ განახორციელოს ინვესტიციები და ჩაებას ქვეყნის განვითარებაში? ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ის კონკრეტული ობიექტები, რაზეც საუბარი იყო, დღეს კერძო საკუთრებაშია და იქ არაფერია გაკეთებული. ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც წყალტუბოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ასეთი ადგილებით და ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა, გაკეთილშობილება სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას. რატომ - ვერ ან არ გააკეთეს კონკრეტულმა ინვესტორებმა ეს პროექტები, შეგიძლიათ ეს კითხვები ამ შენობა-ნაგებობების მფლობელებს დაუსვათ.
ჩემი პოზიციაა ის, რომ მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას. წყალტუბო თავისი ინფრასტრუქტურით, ისტორიით უმნიშვნელოვანესი ადგილია. ვისაც სურვილი და რესურსი აქვს, შეუძლია წყალტუბის აღორძინების თანამონაწილე გახდეს. არანაირი პრობლემა არ იქნება, პირიქით, უკეთესი იქნება და ერთ ადამიანს არ დააწვება ტვირთად ეს ყველაფერი",- განაცხადა კალაძემ.