„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა არარეალისტურია.
როგორც ლევან ახვლედიანმა პარლამენტში ღია განხილვაზე განაცხადა, წლის ბოლომდე შესაძლებელია მხოლოდ პროგრესის მიღწევა, თუ კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად მოლაპარაკებები დაიწყება.
„წლის ბოლომდე არსებული ვადა ჩვენთვის, კონსორციუმისთვის სრულიად არაადეკვატურია. ზოგადად ვადაზე საუბარი არის არაკონსტრუქციული. იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაჭრელია, მინიმუმ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ბანკები, ოპერატორი და ინვესტორები აყენებენ. მინიმუმ ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ მათთან შეხვედრა? ორი თვის მანძილზე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არარეალისტურია. სერიოზული პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და ამისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა რიტორიკა. იმის თქმა, რომ ეს ბოლო შანსია და ორი თვის თავზე მორჩა, გათავდა, არასერიოზულია, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აცხადებს ახვლედიანი.
მისივე თქმით, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებიდან 27 კონსორციუმის, ხოლო 22 მთავრობის სასარგებლოდ შევიდა. ახვლედიანის თქმით, არ თვლის, რომ კონსორციუმმა რაიმე ვალდებულება ვერ შეასრულა, თუმცა დეტალებზე პოლემიკაში შესვლა არ სურს.
„თუ ვერ შევთანხმდებით, აქციონერები, სამწუხაროდ, იძულებულები იქნებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყონ და იქ გაეცემა პასუხი, ვინ შეასრულა ან არ შეასრულა ვალდებულებები. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები,“ - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე აქვს და ეს კონსორციუმისთვის „ბოლო შანსია“.