ვიტოვებთ იმედს, რომ მთავრობასთან ერთად შევძლებთ პრობლემური საკითხების გადაჭრას. არცერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთაშორისო იურიდიულ დავაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ღია განხილვა მიმდინარეობს.
„თუ ვერ შევთანხმდებით, აქციონერები, სამწუხაროდ, იძულებულები იქნებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყონ და იქ გაეცემა პასუხი, ვინ შეასრულა ან არ შეასრულა ვალდებულებები. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები,“ - განაცხადა ახვლედიანმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი სამ ძირითად საკითხს ასახელებს, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდება, თუმცა მისი თქმით, დღემდე „ვერ მოხერხდა მთავრობის აზრიან მოლაპარაკებებში ჩართვა“. ახვლედიანის თქმით, თუ პროექტი იურიდიულ დავაში გადაიზრდება , „ეს ნიშნავს, რომ პროექტი გაურკვეველი ვადით გაჩერდება“.
„სამწუხაროდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა მთავრობის ჩართვა აზრიან მოლაპარაკებებში იმ სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტა პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობაა. ვიტოვებთ იმედს, რომ მთავრობასთან ერთად შევძლებთ პრობლემური საკითხები გადაჭრას“,- განაცხადა ახვლედიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ იმ სამ საკითხს, რომელზეც ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა, ეს საკითხები ეხება ინვესტორების მხარდაჭერას, ინვესტორი ბანკების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის მოთხოვნას და პორტის ოპერატორის, ამერიკული SSA MARINE-ის მოთხოვნას, რომელიც იმას უკავშრდება, რომ მთავრობა სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში არ ჩაერთვება.
„მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რა არის გამოსავალი და რაოდენ ცოტაა დარჩენილი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორცილდეს. გამოვყოფდი სამ ძირითად საკითხს. პირველ რიგში, კომფორტი ინვესტორებს, ამ ვითარებაში ყველა ინვესტორი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ითხოვს, რომ მათ მიმართ გამოცხადებული იყოს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა. ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მოვიყვანეთ ორი ინვესტორი, მათ ზუსტად ეს მოითხოვეს, სამწუხაროდ ეს მხარდაჭერა გაცხადებული არ იყო. იცით, ერთ-ერთმა ამ ორიდან, „მერიდიანმა“ უკვე გაიტანა ინტერესი პროექტიდან.
მეორე, არასწორადაა დახასიათებული ბანკების მიერ სახელმწიფოს მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა. აქ საუბარია სესხის დაზღვევის ნაწილობრივ გარანტიაზე, ესაა დამატებითი ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას და არანაირად არ ემსახურება კონსორციუმის კაპიტალში ინვესტორების კომერციული რისკის დაზღვევას. ჩვენ მთავრობას ზაფხულში ძალიან სამართლიანი და დაბალანსებული ალტერნატივით მივმართეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. შევთავაზეთ 150 მლნ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც კონსორციუმის არსებული თუ ახალი ინვესტორები მონაწილეობას 50 მლნ დოლარით მიიღებდნენ. დამატებით, ევროკავშირმა გამოთქვა სურვილი, რომ 50 მლნ დოლარით მიიღოს მონაწილეობა ამ მექანიზმში და ევროკავშირმა წინაპირობა დააყენა, რომ მთავრობამაც 50 მილიონი დოლარით მიიღოს მონაწილეობა ამ გარანტიაში. ეს თანხა დადებითი პროგნოზებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ ათვისებული არ იქნება, მაგრამ რომც იყოს, პროექტს სესხად დაერიცხება.
რაც შეეხება პორტის ოპერატორის SSA MARINE-ის მოთხოვნას, SSA MARINE ითხოვს მთავრობისგან, რომ მთავრობამ არ გაუწიოს კონკურენცია ანაკლიის პორტს სხვა პორტში ინვესტირებით ან სახელმწიფო რესურსის გამოყოფით. აღნიშნული მოთხოვნა SSA MARINE-მა მხოლოდ და მხოლოდ ამ წლის ზაფხულში დააყენა და განპირობებული იყო, რაც მოხდა მაისში, ფოთის პორტის ნებართვის გაცემა-გაუქმებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ახვლედიანმა.