სამწუხაროდ, 2018 წლის ზაფხულის ბოლოს ამ პარტნიორობამ დაიწყო სერიოზული ნგრევა. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს პროცესები ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არ დაუწყია. მთავარი, რაც არის, რა თქმა უნდა, ყველა ვზიანდებოდით, მაგრამ ზიანდებოდა, პირველ რიგში, პროექტი ამ ყველაფრით“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ ღია განხილვაზე.
ახვლედიანის თქმით, თანამშრომლობის დასაწყისში პარტნიორობა სამაგალითო იყო, მთავრობის მხარდაჭერა კი მნიშვნელოვანი.
„აღსანიშნავია მთავრობის მხარდაჭერა 2017 წლის ბოლოს, როცა ოპერატორი კომპანიის შემოყვანის პროცესის გაჭიანურების გამო, გადავადებული იყო ფინანსური დახურვა ერთი წლით. ძალიან ბევრმა მოწინავე ოპერატორმა უარი თქვა პროექტში შემოსვლაზე სხვადასხვა ფაქტორებისა და მიზეზების გამო. ერთ-ერთი, მაგალითად, ასევე იყო აფხაზეთთან სიახლოვე. მაგრამ, ჩვენ მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ამერიკული ოპერატორი SSA MARINE, რომელიც არის ერთ-ერთი მოწინავე ოპერატორი მსოფლიოში. 2017 წლის ზაფხულში მოვაწერეთ მათთან ხელშეკრულებას ხელი. 2018 წლის მაისში გაფორმდა კრედიტებთან დაკავშირებით, მანდატების წერილი 4 უზარმაზარ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან”, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
როგორც მან განმარტა, 2018 წლის ბოლოსთვის პროექტის განვითარების პირველი ფაზისთვის საჭირო თანხა, ანუ 620 მილიონი დოლარი სრულად იყო მობილიზებული. ახვლედიანის ცნობით, ამ თანხიდან 400 მილიონი დოლარი ბანკებიდან, 100 მილიონი დოლარი კი საპარტნიორო ფონდიდან იყო მობილიზებული.
„მოცემულობა ყოველთვის იყო, რომ ჩვენ, როგორც მოგებული კომპანია, ვაპირებდით სხვა გარე ინვესტორების შემოყვანას ამ პროექტის გარშემო. არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ როცა 500 მილიონი დოლარის ინვესტორები გამოთქვამენ თავის ინტერესს ამ პროექტში მონაწილეობაზე, ისინი დააყენებენ გარკვეულ დამატებით პირობებს და ესეც მოხდა. ამ დამატებითი პირობებით, რომლებიც წაგვიყენეს ინვესტორებმა ჩვენ მივმართეთ მთავრობას იმისთვის, რომ ეს პირობები დაკმაყოფილებულიყო. სამწუხაროდ, 2018 წლის ზაფხულის ბოლოს ამ პარტნიორობამ დაიწყო სერიოზული ნგრევა. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს პროცესები ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არ დაუწყია. მთავარი რაც არის, რომ ყველა ვზიანდებოდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ზიანდებოდა, პირველ რიგში, პროექტი ამ ყველაფრით“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.